კომპანია OpenAI-ს აღმასრულებლის პოზიციიდან გათავისუფლებული სემ ალტმენი Microsoft-ის ახალ AI კვლევით ჯგუფს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სატია ნადელამ Linkedin-ის პოსტით გაავრცელა.
ალტმენთან ერთად AI ჯგუფს უხელმძღვანელებს გრეგ ბროკმენი, OpenAI-ის საბჭოს წევრი და თანადამფუძნებელი. მან კომპანია, ალტმენის გადაყენების შემდეგ, პროტესტის ნიშნად დატოვა.
„ჩვენ ძალიან მოხარული ვართ გაგიზიაროთ ახალი ამბავი - სემ ალტმენი და გრეგ ბროკმენი კოლეგებთან ერთად Microsoft-ს შეუერთდებიან, რათა ახალ მოწინავე ხელოვნური ინტელექტის კვლევით ჯგუფს უხელმძღვანელონ. ჩვენ მოუთმენლად ველით შემდეგი ნაბიჯების გადადგმას და მათი ყველა საჭირო რესურსით მომარაგებას წარმატების მისაღწევად“, - წერს სატია ნადელა.
ამავე პოსტში ნადელამ აღნიშნა, რომ OpenAI-თან თანამშრომლობას ინარჩუნებენ და დადებული პირობის მიხედვით, კვლავაც განაგრძობენ ინოვაციების მხარდაჭერას. აღსანიშნავია, რომ Microsoft-ი ChatGPT-ის შემქმნელი სტარტაპ კომპანიის $10 მილიარდიანი წილის მფლობელი და ყველაზე მსხვილი ინვესტორია.
ცნობისთვის, სემ ალტმენი OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციიდან გასულ კვირაში გაათავისუფლეს.