LIVE

III კვარტალში საერთაშორისო სარკინიგზო ტვირთის თითქმის 41% რუსეთიდან შემოვიდა

20 ნოე 202313:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 213
III კვარტალში საერთაშორისო სარკინიგზო ტვირთის თითქმის 41% რუსეთიდან შემოვიდა

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში, საქართველოში საერთაშორისო სარკინიგზო ტვირთის 40.9% რუსეთიდან შემოვიდა. 

რუსეთს 29.5%-ით აზერბაიჯანი, 2.9%-ით რუმინეთი და 2.6%-ით თურქმენეთი მოსდევს. საერთო ტვირთის 2% ბელარუსზე, 1.7% თურქეთზე, 1.6% ჩინეთზე, 0.1% კი ყაზახეთზე მოდის.  

2023 წლის მე-3 კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 11.1%-სთვის დანიშნულების ქვეყანას ყაზახეთი წარმოადგენს, 8.7%-სთვის - რუსეთის ფედერაცია, 8.3%-სთვის - სომხეთი, ხოლო 4.4%-სთვის - აზერბაიჯანი. 

რაც შეეხება ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მოცულობას, აღნიშნულ პერიოდში, მთლიანი ტვირთის 10.7%-სთვის დანიშნულების ქვეყანა თურქეთი იყო, 6.5%-სთვის - ნიდერლანდები, 6%-სთვის - იტალია, 5.1%-სთვის კი - ჩინეთი. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 7.5%-სთვის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენს, 3.8%-სთვის - ჩინეთი, 1.8%-სთვის - თურქეთი, ხოლო 1.6%-სთვის - აშშ.

საქსტატის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის მიზნიდან გამომდინარე, ცალკეული ქვეყნიდან/ქვეყანაში გადატანილი ტვირთის მოცულობის მაჩვენებლები ხელმისაწვდომი არ არის.  

2023 წლის მე-3 კვარტალში საქართველოს რკინიგზით სულ გადატანილია 3.6 მლნ. ტონა ტვირთი, რაც 11.8%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. აღნიშნული მოცულობის 13.3% მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 30% - საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 56.7%- ტრანზიტზე. 

აღნიშნულ პერიოდში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობის 24.6% ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე მოდის, 75.4% კი - ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე. 

რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 30.2% ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე მოდის, 27.3% - ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 13.6% - საკვები პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე.

რაც შეეხება მგზავრების სტატისტიკას, 2023 წლის მე-3 კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 736 900 მგზავრი, რაც 33%-ით პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 223.9 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 33%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

2023 წლის მე-3 კვარტალში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 717 400 მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 97.4%-ს შეადგენს და 35.7%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 19 500 მგზავრი, რაც 22.9%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 77.5% შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 22.5% (2023 წლის მე-3 კვარტალში აზერბაიჯანის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა).