LIVE

საქართველოში 252 200 ადამიანი უმუშევარია - საქსტატი

20 ნოე 202311:47
3 წუთის საკითხავი
clock clock 352

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში უმუშევრობის დონე არ შეცვლილა და 15.6% შეადგინა.

მიმდინარე წლის III კვარტალში, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 29.3 ათასი კაცით (3.2%) და 943.2 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 21.5 ათასით შემცირდა (4.8%) და 422.8 ათასი იყო. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა 1.4 ათასით (0.6%) და 252.2 ათასი შეადგინა.

2023 წლის III კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 53.6% იყო, ხოლო დასაქმების დონე 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 45.3% შეადგინა.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.4 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში კი შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.2 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, სოფლის ტიპის დასახლებებში კი შემცირებულია 0.1 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად, 45.5%-სა და 44.8%-ს შეადგენს.

III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 69% იყო.

უმუშევრობის დონე წლიურად 0.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა საქალაქო ტიპის დასახლებებში, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

საქსტატის თანახმად, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2023 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირდა 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად, 12.8%-სა და 17.7%-ს შეადგენდა.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2023 წლის III კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 43.1%-ს, ხოლო კაცებში 66%-ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში შემცირებულია 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.7 პროცენტული პუნქტით.

2023 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე შემცირებულია 0.2 პროცენტული პუნქტით ქალებში, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.5 პროცენტული პუნქტით.