LIVE

ნიუ-იორკის შტატი PepsiCo-ს გარემოს დაბინძურების გამო უჩივის

18 ნოე 202313:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 707
ნიუ-იორკის შტატი PepsiCo-ს გარემოს დაბინძურების გამო უჩივის

მსოფლიოში მეორე უმსხვილეს კვების კომპანია PepsiCo-ს ნიუ-იორკის შტატი, გარემოს პლასტმასის ნარჩენებით დაბინძურების გამო, უჩივის.

სარჩელის მიხედვით, მდინარე ბუფალოს მიმდებარედ, 13 ადგილას შეგროვებული იდენტიფიცირებადი ბრენდების ნარჩენებიდან 17% PepsiCo-ს პროდუქციის ერთჯერადი შეფუთვა იყო. სხვა კომპანიებს შორის McDonald's-ისა და ტკბილეულის ბრენდის Hershey's-ის ნარჩენებიც აღმოჩნდა.

„ქალაქ ბუფალოს სასმელ წყალში აღმოჩენილია მიკროპლასტიკები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ისეთი არსასურველი შედეგები, როგორიცაა რეპროდუქციული დისფუნქცია, ნაწლავის ანთება და სხვა“,- ნათქვამია სარჩელში.

ნიუ-იორკის შტატის თანახმად, PepsiCo მინიმუმ 85 სხვადასხვა ბრენდის სასმელსა და 25 საკვებ პროდუქტს აწარმოებს, რომლებსაც ძირითადად ერთჯერადი პლასტმასას შეფუთვა აქვთ. მათ შორისაა Pepsi, Lay’s-ი, Doritos-ი და სხვა ცნობილი ბრენდები.

საჩივრის შესახებ PepsiCo-ში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ კომპანია პლასტმასის გამოყენების შემცირებასა და ეფექტურ გადამუშავებაზე აქტიურად და გამჭვირვალედ მუშაობს.