LIVE

ნარმანია: ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის დარღვევის ფაქტი იშვიათია

16 ნოე 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 188
ნარმანია: ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის დარღვევის ფაქტი იშვიათია

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის დარღვევის და ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების საკითხზე მხოლოდ ერთი მიმართვა იყო, რომელიც კონკურენციის სააგენტოს ჩარევის გარეშე, თავად სემეკმა მოაგვარა.

„ამ ეტაპისთვის ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ნაწილში მხოლოდ ერთი ქეისი განვიხილეთ. დავა დიდი ჰესის მიერ შედარებით მცირე ჰესისთვის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებულ საკითხს ეხებოდა, თუმცა სემეკის მიერ გაკეთებული დასკვნით, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება არ გამოიკვეთა, ეს უფრო მეტად იმას უკავშირდებოდა, რომ ტექნიკური ნაგებობის წყალსაშვი გაუმართავ მდგომარეობაში იყო. შედეგად, კომისიამ აღნიშნული სადგურს პრობლემის მოგვარება დაავალა, რაც გათვალისწინებულ იქნა“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, სემეკში ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტი შეიქმნა და კომისიას აქვს ყველა ინსტრუმენტი, რომ ენერგეტიკის სექტორში კონკურენციასთან დაკავშირებული საკითხები თავად დაარეგულიროს.

„რა თქმა უნდა, კონკურენციის სააგენტოსთან მჭიდრო კავშირი გვაქვს და კონკურენციის კანონის აღსრულების ბერკეტები ამ სააგენტოს აქვს, მაგრამ კომისია, როგორც სექტორის სპეციფიკური მარეგულირებელი ენერგეტიკის სექტორში, თავად განიხილავს მსგავს საკითხებს და თუ რაიმე ცდება სემეკის კომპეტენციას, რა საკვირველია, ასეთ შემთხვევაში საკითხს კონკურენციის სააგენტო განიხილავს“,- აცხადებს სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია.