LIVE

რუსულ საწვავზე გადართვით ფასები დაიკლებს - ნავთობიმპორტიორთა კავშირი

15 ნოე 202310:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 293
რუსულ საწვავზე გადართვით ფასები დაიკლებს - ნავთობიმპორტიორთა კავშირი

ნავთობიმპორტიორები უახლოეს მომავალში, საქართველოში საწვავზე ფასების კლებას ელიან. სექტორში მიზეზად, მიმდინარე კვირიდან რუსეთის მიერ საწვავის ექსპორტზე შეზღუდვის შესაძლო მოხსნა სახელდება.

როგორც "ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" თავმჯდომარე, ვახტანგ იობაშვილი "ბიზნეს ფორმულასთან" განმარტავს, ადგილობრივმა იმპორტიორებმა რუსული კომპანიებისგან შესაბამისი შეტყობინება მიიღეს. ამასთან, რუსეთის მხრიდან საწვავზე შეზღუდვის შესაძლო მოხსნაზე ინფორმაცია საერთაშორისო მედიაშიც გავრცელდა. 

"რამდენიმე დღის წინ შეზღუდვის შესაძლო მოხსნაზე გზავნილი თავად რუსული კომპანიებისგან ჩვენც მიიღეს. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ძველებური ფასით, ანუ ბევრად იაფად ევროპულთან შედარებით, განაახლებს საწვავის მიწოდებას საქართველოსთვის, ცხადია იმპორტიორები კვლავ რუსეთის მომწოდებლებზე გადაერთვებიან. ეს ძალიან კარგი იქნება, რადგან იხეირებს ორივე მხარე (ქართულიც და რუსულიც). ევროპული საწვავი არასდროსაა ისეთი იაფი, როგორიც რუსული ამიტომ, ველით ფასების კლებასაც. მართალია დღეს საწვავი გაძვირებულია, თუმცა მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, ეტაპობრივად დაიწყება გაიაფება", - აღნიშნავს ვახტანგ იობაშვილი. 

რაც შეეხება დღეს არსებულ ვითარებას, მისივე თქმით, საწვავზე ფასების ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს და მათ შორის, ერთ-ერთი სწორედ მაღალი ევროპული ფასია.

"ძველი ფასით ნაყიდი საწვავის მარაგები ჯერ არ ამოწურულა. შესაბამისად, რა ფასადაც აქვთ შეძენილი ნავთობიმპორტიორებს პროდუქტი, კვლავ მასთან შესაბამისი ფასნამატით იყიდება. მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ რუსეთის მიერ საწვავის ექსპორტზე შეზღუდვის შემდეგ, ადგილობრივი იმპორტიორები ევროპელ მომწოდებლებზე გადაერთნენ, მათი გასაყიდი ფასი კი  თითქმის ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე რუსული საწვავის თვითღირებულება. ჯამში, ეს ყველაფერი იწვევს იმას, რომ ტაბლოებზე ფასები მაღალია",- ამბობს ვახტანგ იობაშვილი.