LIVE

სასამართლომ Credit Suisse-ს ივანიშვილის სასარგებლოდ ანგარიშზე $750 მლნ-ის დადება დაავალა

14 ნოე 202312:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 360
სასამართლომ Credit Suisse-ს ივანიშვილის სასარგებლოდ ანგარიშზე $750 მლნ-ის დადება დაავალა

სინგაპურის საერთაშორისო კომერციულმა სასამართლომ Credit Suisse-ის სინგაპურულ შვილობილს, ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ, სასამართლოს ანგარიშზე დაახლოებით $750 მილიონის განთავსება დაავალა.

გადაწყვეტილების თანახმად, ამ თანხიდან $742,73 მილიონი კომპენსაციის თანხაა, რასაც ემატება მოსარჩელეთა ხარჯები 7,298,893.43 სინგაპურული დოლარის ოდენობით (პლუს პროცენტები).

გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ მოპასუხის მტკიცებით, თანხა ესქრო ანგარიშზე უნდა განთავსებულიყო, რადგან სასამართლოში განთავსების შემთხვევაში, იგი ვერ მიიღებდა უფრო მაღალ კომერციულ საპროცენტო განაკვეთს. ამის მიუხედავად, გადაწყდა, რომ შექმნილ ვითარებაში, თანხა სასამართლოს ანგარიშზე უნდა განთავსდეს.

სინგაპურის სასამართლომ მიმდინარე წლის სექტემბერში დაადგინა, რომ Credit Suisse-ს ტრასტმა ბიძინა ივანიშვილის აქტივების დაცვა ვერ უზრუნველყო და ამის გამო, მისთვის $742,7 მილიონის გადახდა დააკისრა.

აღსანიშნავია, რომ სინგაპურის სასამართლომ Credit Suisse-ს ივანიშვილისთვის გადასახდელი თანხა შეუმცირა რამდენადაც, თავდაპირველად, მიმდინარე წლის მაისში, სასამართლომ შვეიცარიული ბანკის განყოფილებას $926 მილიონის გადახდა დაავალა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წელს ბერმუდის სასამართლომ Credit Suisse-ს ერთეულს ივანიშვილისთვის $600 მილიონზე მეტის ანაზღაურება დააკისრა, "ორმაგი გადახდის" თავიდან ასარიდებლად, სინგაპურის სასამართლომ თანხა დააკორექტირა.

ივანიშვილს Credit Suisse-სთან დავების მრავალწლიანი ისტორია აკავშირებს. სექტემბერში მიღებული გადაწყვეტილება იყო პირველი მას შემდეგ, რაც პრობლემური ბანკი ივნისში კონკურენტმა UBS Group-მა იყიდა.

Credit Suisse-ს ფრანგი ბანკირი პატრის ლესკოდრონი 2018 წელს გაასამართლეს თაღლითობისთვის სქემის გამო, რომელიც მან ივანიშვილის ანგარიშებიდან ფულის აღების მიზნით, სხვა კლიენტების პორტფელებს შორის მზარდი ზარალის დასაფარად გამოიყენა.