LIVE

Shein-ი იმედოვნებს, რომ აშშ-ში IPO-ზე გასვლა $90-მილიარდიან შეფასებას მოუტანს

07 ნოე 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 269
Shein-ი იმედოვნებს, რომ აშშ-ში IPO-ზე გასვლა $90-მილიარდიან შეფასებას მოუტანს

საცალო ვაჭრობის პლატფორმა, Shein-ი იმედოვნებს, რომ შეერთებულ შტატებში IPO-ზე გასვლის შემდეგ, $90-მილიარდიან შეფასებას მიაღწევს. ამის შესახებ კომპანიამ პოტენციურ ინვესტორებს განუცხადა. საკითხთან დაახლოებული წყაროების ცნობით, ეს თანხა ბევრად აღემატება კერძო ინვესტორების მიერ კომპანიის შეფასებას.

წყაროები განმარტავენ, რომ Shein-ის პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება, დროისა და აქციების ფასების შესახებ, ჯერ მიღებული არაა.

თავად კომპანია გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.

როგორც ცნობილი გახდა, კერძო ვაჭრობაში Shein-ის შეფასება, მაისში მიღებული დაფინანსებების შემდეგ, $66 მილიარდის ქვემოთ დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ კერძო ვაჭრობის შეფასება არ ასახავს კომპანიის რეალურ შეფასებას, ამ ორ მაჩვენებელს შორის სხვაობა, Shein-ის გამოწვევებთან დაკავშირებით, ინვესტორების შეშფოთებას უსვამს ხაზს. ძლიერმა კონკურენციამ, საავტორო უფლებების შესახებ განცხადებებმა და იძულებითი შრომის პოტენციურმა გამოყენებამ, საჯარო კომპანიების ჩამონათვალში მოხვედრაზე Shein-ის ამბიციებს შესაძლოა ხელი შეუშალოს.

2022 წელს Shein-ი მესამე ყველაზე მაღალი შეფასების სტარტაპ კომპანია იყო. $100-მილიარდიანი შეფასება კი მას შემდეგ დაეცა, რაც ინვესტორებმა რისკიანი აქტივების მიმართ სიფრთხილის გამოჩენა დაიწყეს, გაურკვეველი ეკონომიკური პერსპექტივისა და მაღალი საპროცენტო განაკვეთების ფონზე.