LIVE

გაერო-ს კლიმატის სამიზნე მითითებებს წამყვანი კომპანიების მხოლოდ 4% აკმაყოფილებს - კვლევა

12 ნოე 202310:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 390
გაერო-ს კლიმატის სამიზნე მითითებებს წამყვანი კომპანიების მხოლოდ 4% აკმაყოფილებს - კვლევა

ახალი კვლევის თანახმად, გაერო-ს Race to Zero კამპანიის ფარგლებში დასახულ მიზნებს, მსხვილი კომპანიების მხოლოდ 4% აკმაყოფილებს.

Net Zero Tracker-ის მონაცემთა დამოუკიდებელი კონსორციუმის თანახმად, Forbes 2 000-ის კომპანიებიდან მიზნების შესრულების ვალდებულება 2023 წელს უფრო მეტმა კომპანიამ აიღო. ეს რიცხვი გასული წლის 702 კომპანიიდან 40%-ით, 1 003-მდე გაიზარდა. თუმცა ამისდა მიუხედავად, კამპანიის მიზნებს, რაც ემისიის დაუყოვნებლივ შემცირებას და შუალედური და გრძელვადიანი მიზნების წლიური პროგრესის განახლებას მოიცავს, ცოტა მათგანი თუ ასრულებს.

Net Zero Tracker-ი კომპანიებთან ერთად, თვალს ადევნებს სახელმწიფოების, რეგიონებისა და ქალაქების მიერ დადებული პირობების შესრულებას. ცვლილებების ტემპი როგორც სახელმწიფოებში, ისე კორპორაციებში, წლევანდელი გაერო-ს კლიმატის ცვლილებების შესახებ მხარეთა კონფერენციაზე, COP28-ზე, მოლაპარაკებების ცენტრალური თემა იქნება.

ცნობისთვის, Race to Zero გლობალური ინიციატივაა, რომელიც კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული ზომების მისაღებად სახელმწიფოებს, რეგიონებს, ბიზნესებს, ინვესტორებსა და სხვა მხარეებს აერთიანებს. კამპანია გაერო-ს კლიმატის ცვლილების შესახებ მხარეთა 26-ე კონფერენციის (COP26) წინ, 2021 წლის ნოემბერში დაიწყო.  2050 წლისთვის სათბური აირების წმინდა ნულოვანი ემისიების მიღწევა კამპანიის მთავარ მიზანია.