LIVE

ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტი ₾28.5 მილიარდი იქნება

03 ნოე 202314:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 421
ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტი ₾28.5 მილიარდი იქნება

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტი 28.5 მილიარდი ლარი იქნება, რაც პირველ ვერსიასთან შედარებით 700 მილიონი ლარით მეტია.

პრემიერის თქმით, მომდევნო წელს ბიუჯეტი 300 მილიონ ლარს საბანკო სექტორიდან მიიღებს, ხოლო 400 მილიონი ლარი სათამაშო ბიზნესის გაზრდილი გადასახადებიდან შევა.

ამასთან, მთავრობის სხდომაზე, ღარიბაშვილმა 2024 წლის ბიუჯეტი 2012 წლისას შეადარა და ზრდა საკუთარი გუნდის მუშაობას მიაწერა.

„ბიუჯეტის განხილვის პროცესში დამატებითი საჭიროებები გამოიკვეთა. ეს პერიოდი ვმუშაობდით და დამატებითი რესურსების მობილიზებაზე გაკეთდა აქცენტი. გავაანალიზეთ საბანკო სექტორში 9 თვის ტენდენციები გამოიკვეთა, რომ 2024 წელს დამატებით 300 მილიონი ლარის შემოსავლის მიღება შეგვეძლება საბანკო სექტორიდან.

გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობას ახალ ინიციატივას წარვუდგინეთ, რომლის მიხედვითაც, სათამაშო ბიზნესი დაიბეგრება მოგების 15%-იანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 10%-ისა. ხოლო სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანა დაიბეგრება 5%-ით, დღეს მოქმედი 2%-ის ნაცვლად. ეს ბიუჯეტში დამატებით 400 მილიონ ლარს მოიტანს. ჯამში, ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი 700 მილიონი ლარით გაიზრდება და მთლიანი ბიუჯეტი უკვე 28 მილიარდ 500 მილიონ ლარს შეადგენს.

2012 წელს ბიუჯეტი იყო 9 მილიარდამდე, ანუ 11 წელიწადში თითქმის 20 მილიარდიანი ზრდა გვაქვს, ეს საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგია, ჩვენი გუნდის მუშაობის შედეგად“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.