LIVE

Zara-ს მფლობელი Inditex გადამუშავებულ პოლიესტერს ამერიკული სტარტაპისგან შეიძენს

28 ოქტ 202313:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 383
Zara-ს მფლობელი Inditex გადამუშავებულ პოლიესტერს ამერიკული სტარტაპისგან შეიძენს

Zara-ს მფლობელი, ტანსაცმლის უმსხვილესი საცალო ვაჭრობის კომპანია Inditex-ი გადამუშავებულ პოლიესტერს ამერიკული სტარტაპ Ambercycle-სგან შეიძენს. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Inditex-ი გადამუშავებული ქსოვილის მარაგებისთვის $74 მილიონს გამოყოფს.

შეთანხმების მიხედვით, Inditex Ambercycle-ის გადამუშავებული პოლიესტერის წარმოების "მნიშვნელოვან" ნაწილს შეიძენს მომდევნო სამი წლის განმავლობაში. კომპანიის მიზანია 2030 წლისთვის მისი ქსოვილების 25% „ახალი თაობის“ მასალისგან იყოს დამზადებული.

მეორე მხრივ, Inditex-ის ინვესტიცია, ლოს-ანჯელესში დაფუძნებულ სტარტაპს თავისი პირველი კომერციული მასშტაბის ტექსტილის გადამამუშავებელი ქარხნის დაფინანსებაში შეუწყობს ხელს. Ambercycle-ს მიზნად ისახავს ქარხანა 2025 წლიდან აამუშაოს. 

სწრაფი მოდის საცალო ვაჭრობაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ნარჩენების შემცირება და გადამუშავებული ქსოვილების ხელახალი გამოყენებაა. ერთ-ერთი ასეთი სწორედ პოლიესტერია, რომელიც ნავთობის ინდუსტრიის პროდუქტია და ფართოდ გამოიყენება სპორტული ტანსაცმლის დამზადებაში.

ზოგიერთი ტანსაცმლის ბრენდი, რომელიც ცდილობს შეამციროს ახალი პოლიესტერის გამოყენება, პლასტმასის ბოთლებისგან გადამუშავებულ პროდუქტს მიმართავს. თუმცა ეს პრაქტიკა კრიტიკის საგნად იქცა, რამდენადაც მეორად პლასტმასაზე მოთხოვნა და, შესაბამისად, ფასებიც გაიზარდა. თუმცა ნელ-ნელა ფეხს იკიდებს თავად ქსოვილიდან მიღებული გადამუშავებული პროდუქტის გამოყენება, თუმცა ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებს ინდუსტრიის მოთხოვნებს მსოფლიო მასშტაბით.

აღსანიშნავია, რომ Inditex-ი სფეროს სხვა ცნობილ კომპანიებთან, კონკურენტ H&M-თან და Mango-სთან ერთად, ტანსაცმლის ნარჩენების მართვის ასოციაციაში გაერთიანდა. ინდუსტრია ემზადება ევროკავშირის ახალი რეგულაციებისთვის, რომლებიც წევრ ქვეყნებს 2025 წლის იანვრიდან ტექსტილის ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას მოითხოვს.