დეველოპერული კომპანია "არსის" თანადამფუძნებლის, ირაკლი როსტომაშვილის თქმით, მიგრაციის ეფექტის გამო, ბათუმი ეტაპობრივად კარგავს თავის მთავარ, ტურისტულ დანიშნულებას.
როგორც ირაკლი როსტომაშვილი "ბიზნეს ფორმულასთან" აღნიშნავს, ზღვისპირად ქალაქის ე.წ. აპარტამენტებს, რომლებიც ძირითადად ტურისტების მისაღებად გამოიყენებოდა, მიგრანტები ცხოვრების მიზნით ყიდულობენ.
"ზუსტად იმის გამო, რომ ამ ქალაქის ე.წ. აპარტამენტებს მიგრანტები (და განსაკუთრებით რუსები) არა დასვენების, არამედ საცხოვრებელი მიზნით უფრო ყიდულობენ და იმის გამოც, რომ ზოგადად, ბოლო წლებში ბათუმში უძრავი ქონების ჭარბი მიწოდებაა, თუკი აქამდე ბათუმი მხოლოდ ტურისტულ ლოკაციად ითვლებოდა, ახლა უძრავი ქონების ძირითადად საცხოვრებელ სახლებზე მოდის. ამის გამო, ეს ქალაქი ნელ-ნელა კარგად თავის მთავარ და პირვანდელ დანიშნულებას, რაც ტურისტებისთვის აქამდე ძალიან მიმზიდველი იყო. ბათუმში, მუდმივად ხმაურია, ქაოსია, დაუსრულებელი მშენებლობები, საცობები... მოკლედ, აღარაფერი აქვს ამ ადგილს საერთო დასასვენებლად მიმზიდველ ლოკაციასთან. ცხადია, ასეთი მოცემულობა მომავალში შეამცირებს მოთხოვნას ზოგადად ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზეც", - ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.
Colliers Georgia-ს განახლებული მონაცემებით, ბათუმში 2023 წლის III კვარტალში საცხოვრებელი ბინების გაყიდვებმა წლიურად 18%-ით იკლო. 3 თვეში ზღვისპირა ქალაქში სულ 3 871 ბინა გაიყიდა. რაც შეეხება ბაზრის ზომას, ის 19%-ით, 164 მლნ დოლარამდე შემცირდა.