LIVE

Nokia 14 000-მდე თანამშრომელს გაათავისუფლებს

20 ოქტ 202315:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 419
Nokia 14 000-მდე თანამშრომელს გაათავისუფლებს

ფინური სატელეკომუნიკაციო გიგანტი Nokia 2026 წლის ბოლომდე, ხარჯების შემცირების მიზნით, 9 000-დან 14 000-მდე სამუშაო ადგილის შემცირებას აპირებს. ამის მიზეზი მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში კომპანიის გაყიდვების 20%-ით შემცირებაა.

Nokia 2026 წლისთვის მიზნად ისახავს €800 მილიონიდან €1.2 მილიარდამდე თანხის დაზოგვას. უფრო ზუსტად კი, 2024 წლისთვის ხარჯების €400 მილიონით, 2025 წელს კი €300 მილიონით შემცირებას. კომპანია ჯერჯერობით არ ამჟღავნებს რომელ ქვეყნებს ან დეპარტამენტებს შეეხება თანამშრომელთა გათავისუფლება.

ოფიციალური განცხადების მიხედვით, Nokia-ს გადაწყვეტილება დაკავშირებულია 5G მოწყობილობებზე მოთხოვნის შემცირებასთან, განსაკუთრებით კი ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე. თავის მხრივ, მომხმარებელთა დაბალი მსყიდველუნარიანობა გაზრდილი ინფლაციისა და მომატებული საპროცენტო განაკვეთების ეფექტითაა გამოწვეული.

„შემცირება რთული ბიზნეს გადაწყვეტილებაა, თუმცა აუცილებელი ნაბიჯია ბაზრის არასტაბილურობასთან ადაპტაციისთვის, ასევე გრძელვადიანი მომგებიანობისა და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის“, -  განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, პეკა ლუნდმარკმა.

ოდესღაც ტელეფონების მსოფლიოს უმსხვილესმა მწარმოებელმა, ბაზარზე მთავარი მოთამაშის სტატუსი ახალი თაობის, სენსორიანი ტელეფონების პოპულარობის დროს დაკარგა. Nokia-მ ფეხი ვერ აუწყო ინდუსტრიის ახალ გამოწვევებს და ასპარეზი ამჟამინდელ გიგანტებს, Apple-ს iPhone-სა და Samsung-ის Galaxy-ს დაუთმო.

მას შემდეგ, რაც კომპანიამ ტელეფონების ბიზნესი Microsoft-ს მიჰყიდა, Nokia ტელეკომუნიკაციის აღჭურვილობების განვითარებაზე კონცენტრირდა. კომპანია სპეციალიზებულია ტელეკომში გამოყენებულ პროგრამულ უზრუნველყოფასა და აპარატურაზე, მათ შორის ფიზიკურ და ღრუბლოვან ინფრასტრუქტურაზე.

Nokia მსოფლიოს გარშემო ამჟამად 86 000 თანამშრომელს ასაქმებს, 2015 წლიდან კი აქტიურად ამცირებს კადრებს.