LIVE

₾300 000-მდე სესხის მქონეებს, ახლის აღება მხოლოდ იმ ვალუტაში შეეძლებათ, რომელშიც შემოსავალი აქვთ

18 ოქტ 202312:36
3 წუთის საკითხავი
clock clock 1153
₾300 000-მდე სესხის მქონეებს, ახლის აღება მხოლოდ იმ ვალუტაში შეეძლებათ, რომელშიც შემოსავალი აქვთ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, 2024 წლის პირველი იანვრიდან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა ჯამური დავალიანება 300 000 ლარამდეა, ახალი კრედიტის აღება მხოლოდ იმ ვალუტაში შეეძლებათ, რომელშიც შემოსავალი აქვთ.

ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებები ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დღეს მიიღო.

„იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც 2024 წლიდან სურვილი ექნებათ, რომ ახალი სესხი აიღონ და მათი ჯამური დავალიანება 300 000 ლარამდე იქნება, შესაძლებლობა ექნებათ სესხი იმ ვალუტაში აიღონ, რა ვალუტაშიც შემოსავლები აქვთ. ანუ, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, ის სესხს ლარში აიღებს. ამით მისი მოწყვლადობა საკრედიტო რისკების, საპროცენტო რისკების და სავალუტო რისკების მიმართ შემცირდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, იხსნება შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, ვისაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვს, 200 000 ლარამდე სესხის აღება მხოლოდ ლარში შეუძლია.

„არსებობდა შეზღუდვა იმ პირებზე, რომლებსაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ და 200 000 ლარამდე სესხის აღება მხოლოდ ლარში შეეძლოთ. ვფიქრობთ, ეს არ იყო მთლად სამართლიანი. ჰეჯირება სწორედ იმას გულისხმობს, რომ ადამიანი დაცული იყოს სავალუტო რისკებისგან. შესაბამისად, პირებს, რომლებსაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ, შესაძლებლობა ექნებათ, სესხი უცხოურ ვალუტაში აიღონ. შეზღუდვა, რაც მათ მიმართ არსებობს, მოიხსნება. ეს უმეტესად შეეხებათ ოჯახებს, რომლებსაც ემიგრანტები ჰყავთ და გზავნილებიდან იღებენ შემოსავლებს, მეზღვაურებს, რომლებსაც უცხოურ ვალუტაში აქვთ შემოსავალი, საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე პირებს და სხვა მსგავს კატეგორიებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.