
Galt & Taggart-ის თანახმად, ბათუმში, ბაკურიანსა და გუდაურში ბინების წლიური გაყიდვები შემცირდა. კვარტალურ ჭრილში კი ბათუმში კლება, ხოლო ბაკურიანსა და გუდაურში ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი უძრავი ქონება ბათუმში
2023 წლის მე-3 კვარტალში ბათუმში 3 902 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 17%-იანი და კვარტალურად 1.1%-იანი კლებაა. ამასთან, კლება დაფიქსირდა როგორც პირველად (წლიური კლება 16.5%), ისე მეორად ბაზრებზე (წლიური კლება 17.8%).
2023 წლის მე-3 კვარტალში გაყიდვები შემცირდა ბათუმის თითქმის ყველა უბანში, ახალი ბულვარისა და გონიო-კვარიათის გარდა. Galt & Taggart-ის მიხედვით, ეს ასახავს უძრავი ქონების დეველოპმენტის გადასვლას ბათუმის გარეუბნებსა და ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე. ამასთან, მიმდინარე დეველოპერული პროექტებით ახალი ბულვარის ტერიტორია ლიდერობს.
ამჟამად, ბათუმში მიმდინარე 189 სამშენებლო პროექტიდან 75 (მთლიანის 39.7%) მდებარეობს ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, რაც მომავალში გაზრდის ბინების რაოდენობას ამ უბანში.
2023 წლის მე-3 კვარტალში უდიდესი წილი - მთლიანი გაყიდვების 90.5%-ს მცირე (26-50 მ2 ) და საშუალო ზომის (51-80 მ2) ბინები შეადგენდა.
ასევე, გრძელდება გაყიდვებში პრემიუმ სეგმენტის ბინების წილის ზრდა და ბიუჯეტური/საშუალო სეგმენტის ბინების წილის შემცირება, რასაც საინვესტიციო ბანკი ძირითადად ფასების ზრდით ხსნის.
მიმოხილვის მიხედვით, მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში ბათუმში ბინების საშუალო ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა პირველად ბაზარზე, სადაც 19.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მას მოსდევს მეორადი ბაზარი (+12.0% წ/წ ახალ და +8.5% წ/წ ძველ პროექტებში). ამასთან, წლიურად ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა გონიო-კვარიათში, სადაც 44.8%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა.
2023 წლის მე-3 კვარტალში ბათუმში სულ 245.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, ხოლო 2023 წლის 9 თვეში ბაზრის ზომამ 750.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (-6.9% წ/წ და +14.2% წ/წ, შესაბამისად).
Galt & Taggart-ის ვარაუდით, ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომამ 2023 წელს 1 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.
საცხოვრებელი უძრავი ქონება ბაკურიანში
2023 წლის მე-3 კვარტალში ბაკურიანში 233 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 34.9%-იანი კლებაა (2022 წლის მე-3 კვარტლის რეკორდულად მაღალი ბაზის გამო), ხოლო კვარტალურად 11.5%-იანი ზრდა.
საინვესტიციო ბანკის თანახმად, 2023 წლის 9 თვეში, ბაკურიანისთვის დამახასიათებელი ტენდენციის შესაბამისად, მცირე და საშუალო ზომის ბინებმა (26-80 მ2) მთლიანი გაყიდვების 95.5% შეადგინა. ამასთანავე, გაყიდული ბინების თითქმის ნახევარი საშუალო ფასის სეგმენტიდან იყო ($801-1,200). ბაკურიანში ამჟამად სულ 19 დეველოპერული პროექტი მიმდინარეობს და მათი უმეტესობა (9 პროექტი) კოხტას მთის მიმდებარედ მდებარეობს.
2023 წლის მე-3 კვარტალში ბაკურიანში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 5%-ით გაიზარდა. ბაკურიანში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 10.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 32.2%-იანი კლებაა (2022 წლის მე-3 კვარტლის რეკორდულად მაღალი ბაზის გამო), ხოლო კვარტალურად 13.5%-იანი ზრდა.
საცხოვრებელი უძრავი ქონება გუდაურში
2023 წლის მე-3 კვარტალში გუდაურში 98 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 14.8%-იანი კლებაა, ხოლო კვარტალურად 30.7%-იანი ზრდა. 2023 წლის 9 თვეში, მცირე ზომის ბინებმა (26-80 მ2) მთლიანი გაყიდვების 87% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ბათუმსა და ბაკურიანთან შედარებით, მთლიან გაყიდვებში მცირე ზომის ბინების ყველაზე მაღალი წილი გუდაურს აქვს.
ამასთანავე, გაყიდული ბინების ნახევარზე მეტი მაღალი ფასის სეგმენტიდან იყო ($1,201-1,800).
2023 წლის მე-3 კვარტალში გუდაურში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 2.8%-ით გაიზარდა. გუდაურში გაყიდული ბინების ჯამურმა
ღირებულებამ 4.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 6.6%-იანი კლებაა, ხოლო კვარტალურად 19.9%-იანი ზრდა.