LIVE

აშშ გემების მფლობელ ორ კომპანიას სანქციებს უწესებს

13 ოქტ 202311:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 424
აშშ გემების მფლობელ ორ კომპანიას სანქციებს უწესებს

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა ორ კომპანიას, რომელიც, სავარაუდოდ, დასავლეთის ქვეყნების მიერ გასულ წელს შეთანხმებული რუსული ნავთობის ფასის ლიმიტს არ იცავდნენ. 

ფასის ლიმიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და თურქეთში დაფუძნებული კომპანიების გემებმა დაარღვიეს. 

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის პრესრელიზის თანახმად, საამიროებში დაფუძნებული კომპანია Lumber Marine-ს გემებს გადაჰქონდა რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობი, რომლის ფასი ბარელზე 75 დოლარზე მეტი იყო, ხოლო თურქული Ice Pearl Navigation Corporation-ს გემები ბარელზე 80 დოლარზე მაღალი ფასის ნავთობს ატარებდა.

ნავთობის მსოფლიო ფასი ბოლო თვეებში დაახლოებით 85 დოლარამდე გაიზარდა.

გასულ წელს რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვრად 60 დოლარი განისაზღვრა.

რუსეთს ნავთობის გადასახადისგან მიღებული შემოსავალი მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, გასულ წელთან შედარებით, 45%-ით შეუმცირდა. 

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IEA) გუშინ განაცხადა, რომ წინასწარი შეფასებით, რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტი გასულ თვეში შეადგენდა დღეში 4,9 მილიონ ბარელს, რაც მაისი-ივნისის საშუალო მაჩვენებელზე დაახლოებით 100,000 ბარელით ნაკლებია.