LIVE

იმერული ხაჭაპურის მომზადება საშუალოდ ₾5.88 ჯდება - ISET

03 ოქტ 202314:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 662
იმერული ხაჭაპურის მომზადება საშუალოდ ₾5.88 ჯდება - ISET

2023 წლის სექტემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 5.88 ლარი შეადგინა.

ISET-ის თანახმად, 2023 წლის ივნისიდან ხაჭაპურის ინდექსში ზრდის ტენდენცია შეინიშნება.

„ივნისთან შედარებით ხაჭაპურის ფასი 4.7%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, მეტწილად, გასული ოთხი თვის (2023 წლის ივნისი-სექტემბერი) განმავლობაში ყველის ფასის 10.6%-იანი ზრდით აიხსნება. ტრადიციულად, შემოდგომის მოახლოებასთან ერთად, რძის პროდუქტების ფასები იზრდება, რადგან საჭირო ხდება ცხოველებისთვის საკვები დანამატების მიწოდება“, - აცხადებენ ISET-ში.

რაც შეეხება წლიურ ინდექსს, ISET-ის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ რძის პროდუქტების ფასებისა და ხაჭაპურის ინდექსის სეზონური ზრდა შეინიშნება, სექტემბერში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხაჭაპურის საშუალო ფასი 8.3%-ით შემცირდა. 

აღსანიშნავია, რომ სექტემბერში წლიურად 10.9%-ით გაძვირდა ხაჭაპურის ისეთი ინგრედიენტი, როგორიცაა საფუარი. 9.9%-ით მოიმატა კარაქის ფასმა, 4.1%-ით - კვერცხის, ხოლო 3.8%-ით - რძის. 

„ფასების დინამიკის უფრო დეტალურმა შესწავლამ გამოავლინა, რომ 2022 წლის სექტემბერთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა ყველისა (-13.8%) და ფქვილის (-4.6%) ფასები. აღსანიშნავია, რომ გასული ზაფხულის გვალვამ საქართველოში ყველი და რძის პროდუქტები მნიშვნელოვნად გააძვირა, 2023 წლის იმავე პერიოდში კი შედარებით ხელსაყრელმა ამინდის პირობებმა ფასების სტაბილიზაციას შეუწყო ხელი. გარდა ამისა, ხორბლის ფასმა 2022 წლის პიკთან შედარებით კლება აჩვენა. ხაჭაპურის ინდექსის ორი ძირითადი ინგრედიენტის ფასის შემცირებასთან ერთად, ყველა სხვა ინგრედიენტის ფასი წლიურ ჭრილში გაიზარდა: რძე (+3.8%), საფუარი (+10.9%), კარაქი (+9.9%) და კვერცხი (+4.1%)“, - აცხადებენ ISET-ში. 

ხაჭაპურის ინდექსის თანახმად, საშუალო ფასების გათვალისწინებით, ამჟამად ხაჭაპურის ინგრედიენტები ყველაზე ძვირი ბათუმშია, სადაც ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება 6.26 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მონაცემები ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს 7%-ით აღემატება. ამავდროულად, თბილისში ერთი ხაჭაპურის მომზადება 5.66 ლარი ღირს, რაც ISET-ის შეფასებით, დედაქალაქს ყველაზე ხელმისაწვდომ ლოკაციად აქცევს. კვლევით ინსტიტუტში აცხადებენ, რომ ყველაზე ძვირ (ბათუმი) და ყველაზე იაფ (თბილისი) ქალაქებს შორის ღირებულებაში 0.6 ლარის სხვაობა ტურისტული სეზონით აიხსნება, რადგან ბათუმთან შედარებით თბილისი ტურისტებისთვის სექტემბრის პირველ ნახევარში ნაკლებად მიმზიდველია.