
ევროკავშირში მომხმარებლებს რეკლამისგან თავისუფალი Facebook-ისა და Instagram-ისთვის შესაძლოა თანხის გადახდა მოუწიოთ. ინფორმაციას Reuters-ი საკითხთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნულის საფუძველი ევროკავშირის მარეგულირებლის მიერ მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცვის მუდმივი მოთხოვნა გახდა.
კერძოდ, რეკლამებისგან თავისუფალი Meta-ს პლატფორმების გადასახადი მობილური ვერსიებისთვის 13 ევრო იქნება, ხოლო დესკტოპის ვერსიებისთვის - 10 ევრო; Meta-ს განმარტებით, მობილური ვერსიებისთვის ფასი შედარებით მაღალია, რადგან კომპანიას Apple-სა და Google-ის App Store-ებისთვის დამატებითი თანხის გადახდა მოუწევს.
ამას გარდა, იარსებებს უფასო ვერსიაც, რაც გულისხმობს, რომ მომხმარებლები თავიანთი სურვილით არჩეულ, პერსონალიზებულ რეკლამებს მიიღებენ.
Meta-ს აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ევროკავშირის მარეგულირებლის მოთხოვნა, არ ესარგებლათ ტექნოლოგიურ კომპანიებს მომხმარებელთა პირადი მონაცემებით.
ცნობისთვის, Meta და Google-ი თავიანთ მომხმარებლებს მარკეტინგული მიზნებით რეკლამებს მათივე აქტივობიდან გამომდინარე უგზავნიან. ამ მიზეზით, მიმდინარე წელს ირლანდიის მარეგულირებელმა Meta 390 მილიონი ევროთი დააჯარიმა.