საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი ბრალდებები, რომელშიც USAID "გადატრიალების საქმეშია" მოხსენებული, მცდარია. საელჩოს თქმით, სუს-ის თავდასხმები დაუსაბუთებელია.
"დღეს ჩვენი ერთ-ერთი მხარდაჭერის პროექტის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს. USAID-ი საქართველოს მოსახლეობას 1992 წლიდან უჭერს მხარს. როგორც ყოველთვის, ეს მხარდაჭერა გამჭვირვალეა და მივესალმებით ნებისმიერ შესაძლებლობას, განვიხილოთ ყველა შეშფოთება, რომელიც მთავრობას შეიძლება ჰქონდეს.
მოქალაქეების უფლება, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი და მისწრაფებები ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი და ის ღირებულებაა, რომელსაც ჩვენ, ორივე ქვეყანა ვიზიარებთ. ორ წელზე მეტია, USAID-ი თანამშრომლობს CANVAS-თან, რომ დაეხმაროს ადამიანებს, ხმა აიმაღლონ იმ საკითხებზე, რომელიც მათი ოჯახებისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. CANVAS-თან თანამშრომლობით ტრენინგები ჩაუტარდებათ დედებს, რომლებიც ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის გაუმჯობესებას ითხოვენ და იმ პირებს, რომლებიც ხანდაზმული მოქალაქეების უფლებებს უწევენ ადვოკატირებას.
მიუხედავად დაუსაბუთებელი თავდასხმებისა, კვლავაც მხარს დავუჭერთ იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომელიც ეხმარება ხალხს, დაიცვან მათ მიერ განსაზღვრული და დამსახურებული მომავალი და მათთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები," - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "გადატრიალების საქმეზე" მორიგი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამჯერად აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) დაადანაშაულა სერბეთიდან სამი მოქალაქის ჩამოყვანაში.
სუს-ის მტკიცებით, აღნიშნული სამი ადამიანი დაკავშირებულნი არიან 2003 წლის ვარდების რევოლუციის მოვლენებთან; ამჯერად კი კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის უნდა ჩაეტარებინათ ტრენინგები "სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის" საკითხებში.