LIVE

ფქვილის შემდეგ, საიმპორტო გადასახადი ქერსა და ქატოზეც დაწესდა

02 ოქტ 202317:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 459
ფქვილის შემდეგ, საიმპორტო გადასახადი ქერსა და ქატოზეც დაწესდა

საიმპორტო გადასახადი ფქვილის შემდგომ ქერსა და ქატოზეც დაწესდა. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, თენგიზ ნასარიძის განცხადებით, ქერისა და ქატოს იმპორტზე გადასახადი 100 ლარით განისაზღვრა.

რაც შეეხება ფქვილის საიმპორტო გადასახადს, რომელიც 10 ივნისიდან მოქმედებს, ის 50 ლარით, 250 ლარამდე გაიზარდა. ამასთან, საიმპორტო გადასახადის მექანიზმი 2024 წლის პირველ მარტამდე გახანგრძლივდა.

მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ გადაწყვეტილება ადგილობრივი ხორბლის რეალიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ როგორც წინა შემთხვევაში, ისე ახლაც იმპორტზე დაწესებული გადასახადი პურის ფასზე არ იმოქმედებს.

„საკმაოდ კომპლექსურად ხდება იმ ზომების შემუშავება, რომლებიც, ვთვლით, რომ გამოსავალი იქნება ამ ეტაპზე. ამ გადაწყვეტილებებსაც, რა თქმა უნდა, წინ უძღოდა აქტიური კომუნიკაცია [მხარეებთან] და მათი რეკომენდაციებითაც, ერთობლივად შემუშავდა დახმარების პაკეტი, რომელიც, ხაზი უნდა გაესვას, რომ დროებითი მექანიზმია. ბაზარზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ შემდგომში მოხდება შესაბამისი კორექტირება“,- განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.

ცნობისთვის, იმპორტირებულ ფქვილზე დროებითი გადასახადი 10 ივნისს დაწესდა, რასაც წინ უძღოდა ადგილობრივი ხორბლის მარაგების რეალიზაციის პრობლემა. საიმპორტო გადასახადის დროებითი მექანიზმი მიზნად ისახავს, ადგილობრივი ხორბლის შესყიდვის ხელშეწყობას.