LIVE

რა მოხდება მორიგი სანქცირების შემთხვევაში - ბიზნესს თურნავას ლოგიკა არ ესმის

27 სექ 202318:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 917

კერძო სექტორის წარმომადგენლებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას გადაწყვეტილების ლოგიკა არ ესმით. საუბარია ცვლილებაზე, რომელიც ნათია თურნავას გადაწყვეტილებით, 19 სექტემბერს შევიდა სანქციების შესრულების წესში, მას შემდეგ, რაც აშშ-მა ყოფილი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.

BDO-ს მმართველმა პარტნიორმა, ზურაბ ლალაზაშვილმა „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდენლი იყო, ხოლო არგუმენტაცია და მიზანი - გაუგებარი.

"მე ვფიქრობ რომ ეს არა აღსრულებადი ბრძანებაა თავისი შინაარსით. ეს არ არის დაკავშირებული კონსტიტუციის დაცვასთან და მისი აღსრულება გაცილებით რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს ბანკებს, ვიდრე არ აღსრულება და არ დამორჩილება. სანქცია მუშაობს ასეთი პრინციპით: ამერიკამ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც დაასანქცირა კონკრეტული პიროვნება და საკუთარი იურისდიქციის ქვეშ მყოფ კომპანიებს - ბანკები იქნება თუ სხვა პირები, რომლებიც ემსახურებიან საბანკო სფეროს, ფინანსურ ტრანზაქციებს და ასე შემდეგ - აუკრძალა ამ პირის მომსახურება. აქ არ არის საუბარი იმაზე, ვინმემ ვინმეს დანაშაული დაუმტკიცა თუ არ დაუმტკიცა და ავტომატურად, თუ ამერიკული ბანკები თუ ფინანსური ორგანიზაციები დაინახავენ, რომ საქართველოს საბანკო სისტემა ემსახურება სანქცირებულ პირებს, ისინი თავის შეიკავებენ ამ ბანკებთან ურთიერთობისგან და ეს გაცილებით დიდი რისკის მატარებელია, თავის მხრივ, ქართული ბანკისთვის, ვიდრე ის, რომ არ შეასრულოს ეროვნული ბანკის რეგულაცია და დაჯარიმდეს. ფაქტია, რომ ამ გადაწყვეტილებას არანაირი ლოგიკური არგუმენტი არ აქვს. ერთადერთი, შეიძლება ყოფილიყო ის, რომ ერთჯერადი ტრანზაქცია განეხორციელებინა ვთქვათ, სანქცირებულ ფარცხალაძეს, რაშიც ეჭვი მეპარება, სიმართლე გითხრათ, რადგან ბანკები ამას არ გააკეთებდნენ - იმდენად დიდი რისკი უდგებათ სანქცირებულ პირებთან ურთიერთობის გამო, რომ ლოგიკურად ვერ უნდა გარისკონ. მე არ გამოვრიცხავ, ბევრ რამეს გააჩნია, მაგრამ არანაირ ჯანსაღ ლოგიკაში არ ჯდება,“ განმარტა ზურაბ ლალაზაშვილმა და დასძინა, რომ ამ სიტუაციისთვის ძალიან კარგი ლაკმუსის ქაღალდი იქნება საქართველოში შემდეგი პირის სანქცირება.

„მაგალითად, კიდევ ვინმე დასანქცირდა. მერე რა მოხდება? რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული? ეს იქნება პრაქტიკულად ინდიკატორი იმისა, მოხდა გააზრება ამ ბრძანების მავნე ეფექტების, თუ ისევ გაგრძელდება ეს ხაზი,“ განაცხადა BDO-ს მმართველმა პარტნიორმა.

მეორე მხრივ, თავად ნათია თურნავას გადაწყვეტილება და ფორმა, რომლითაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მათ შორის ის ფაქტიც, რომ ამ პროცესს თან არ ახლდა შესაბამისი განხილვა, მას აფიქრებინებს, რომ ცვლილება დაკავშირებული იყო ერთ კონკრეტულ პირთან. ამ შემთხვევაში, ოთარ ფარცხალაძესთან.

„ეს ყველაფერი ტოვებს ასეთ შთაბეჭდილებას. მით უმეტეს, რომ არ არის გააზრებული ამ ბრძანების არააღსრულებადობა. ეს არ იყო რაციონალური გადაწყვეტილება და ტოვებს აღქმას, რომ გადაწყვეტილების მიღება არ მოხდა დამოუკიდებლად და უფრო პოლიტიკური საფუძველი დგას მის უკან, ვიდრე ბანკებზე ზრუნვა, ან სანქციების აღსრულებაზე ზრუნვა," დასძენს BDO-ს მმართველი პარტნიორი.

რაც შეეხება თურნავას გადაწყვეტილების შედეგად ეროვნული ბანკში შეექმნილ კრიზისს, როგორც ირკვევა, ბიზნესის წარმომადგენლებს ეროვნული ბანკის საბჭოს განახლებული შემადგენლობის კომპეტენციის საკითხი აღელვებთ.

წარსულში, ბიზნესს არაერთი შენიშვნა ჰქონია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებთან და მიდგომებთან, თუმცა ეს ძირითადად საგნობრივი, საქმიანი შენიშვნები იყო და არც ერთი მათგანი არ უკავშირდებოდა უშუალოდ ეროვნული ბანკის პოლიტიკის განმსაზღვრელ პირთა კომპეტენციას. მათ შორის, იმ ვიცე-პრეზიდენტების კომპეტენციას, რომლებმაც ეროვნული ბანკი სწორედ ნათია თურნავას გადაწყვეტილების შემდეგ დატოვეს - არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა და ნიკოლოზ გაგუა.

„როდესაც ბიზნესი ხვდებოდა ხოლმე ეროვნულ ბანკს, ძირითადად სწორედ ეს სამი ვიცე პრეზიდენტი იყო წარმოდგენილი, რომელიც გვცემდა პასუხს. თუკი იყო აზრთა სხვადასხვაობა, ეს იყო ძირითადად საქმიანი აზრთა სხვადასხვაობა. არც მე, პირადად, და არც მახსოვს, ვინმე სხვას, ამ სამი ვიცე პრეზიდენტის კომპეტენცია დაეყენებინოს ეჭვქვეშ. მე, პირადად, სამივეს ვიცნობ და ნამდვილად მივიჩნევ თავისი საქმის პროფესიონალებად," ამბობს ზურაბ ლალაზაშვილი.

მისი აზრით, ეროვნული ბანკის შერყეული რეპუტაციიდან და კომპეტენციის ნაწილში შექმნილი პრობლემებიდან მომავალი რისკები სერიოზულად უნდა იქნას აღქმული ქვეყნის ეკონომიკასთან მიმართებაში.

"ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ფუნქციაა, რომ ბანკები იყვნენ ჯანსაღები, რადგან ბანკები თუ არ არიან ჯანსაღები, დგება რისკი, რომ რომელიმე ბანკი შეიძლება გაკოტრდეს, ეს ერთი. მეორე, თუ სისტემა არ არის შესაბამისობაში საერთაშორისო მოთხოვნებთან, საქართველოს რისკი შეიძლება გაიზარდოს და გაძვირდეს ფული. ბანკს თუ გაუძვირდება ფული, გაუძვირდება ბიზნესსაც და ბუნებრივია, ეს ეკონომიკას დაამუხრუჭებს, რადგან ძვირი ფულით ნაკლები რაღაცის გაკეთება შეიძლება. ახლა, ეს გადაწყვეტილება და კომპეტენციის საკითხი სწორედ ასე შეიძლება იქნას აღქმული, რომ არსებობს რისკები. გრძელვადიან ან საშუალოვადიან პერსპექტივაში, თუ არ მოხდა დასტაბილურება, ამ შერყეული ნდობის აღგენა, ეროვნული ბანკის კომპეტენტური კადრებით შევსება და მისი სტატუსის, დამოუკიდებლობის, კომპეტენციის გამყარება როგორც ქართულ ბიზნეს საზოგადოებაშიმ ისე საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში, მივიღებთ უბრალოდ გაუარესებულ მდგომარეობას. უფრო მაღალი რისკით შეფასდება საქართველო, ქართული ბანკები და ამან ბევრ ბევრ რამეზე შეიძლება მოახდინოს გავლენა,“ განმარტავს ზურაბ ლალაზაშვილი.

კითხვაზე, რა შეიძლება იყოს ამ სიტუაციიდან გამოსავალი, ის პასუხობს, რომ ბრძანების გაუქმება არ იქნება საკმარისი, რადგან ეს არ იქნება საპირწონე იმისა, რაც მოხდა და დამდგარ ზიანს ვერ აანაზღაურებს. BDO-ს მმართველი პარტნიორი თვლის, რომ დამდგარი ზიანის კომპენსაცია შეიძლება მოხდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით და მათ შორის, უპირველესი მნიშვნელობისაც, ეროვნული ბანკის სწორი და კომპეტენტური ვიცე-პრეზიდენტებით (საბჭოს წევრებით) დაკომპლექტებას მიიჩნევს.