
იაპონური მსხვილი ავტომწარმოებელი Mitsubishi Motors-ი ჩინეთში წარმოებას შეწყვეტს. ამის შესახებ იაპონური გამოცემა Nikkei წერს.
ჩინეთში წლების განმავლობაში, დაბალი გაყიდვების გამო, ავტომწარმოებელმა ივლისში წარმოება დროებით შეაჩერა. Nikkei-ს ცნობით, ჩინურ საწარმოო პარტნიორთან, Guangzhou Automobile Group-სთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ საბოლოო მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
Mitsubishi Motors-ის წარმომადგენელი უცხოურ მედიასთან აცხადებს, რომ კომპანია აქციონერებთან ამჟამად სამომავლო გეგმებს განიხილავს, თუმცა გადაწყვეტილი ჯერჯერობით არაფერია.
ჩინეთში Mitsubishi-ის გაყიდვების შემცირება ბაზრის ელექტრომობილებზე სწრაფი ტემპით გადასვლას უკავშირდება. ამ მიზეზით სირთულეებს აწყდებიან სხვა იაპონური ავტომწარმოებლები, რომლებიც ახალ მოთხოვნებს მყისიერად ვერ პასუხობენ და კონკურენციას ვერ უწევენ Tesla-სა და BYD-ს - ელექტრომობილების ბაზრის წამყვან მოთამაშეებს.
ჩინეთში Honda Motor-ისა და Nissan Motor-ის გაყიდვები სულ მცირე ორი წელია მცირდება, Toyota Motor-ის კი გაყიდვები ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველად შემცირდა.
Mitsubishi Motors-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტაკაო კატომ მაისში განაცხადა, რომ ჩინეთში კომპანიის სტრატეგია გადახედვას საჭიროებდა.