
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე დღეს გატანილი $30 მილიონიდან $7.6 მილიონი გაიყიდა.
საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6682 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთ კვირაში ეს ეროვნული ბანკის რიგით მესამე ინტერვენციაა. გასულ კვირას ორ დღეში ბანკმა $57 150 000 გაყიდა, რასაც წინ ლარის გაუფასურება უძღოდა.
ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება მას შემდეგ დაიწყო, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. ცვლილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.
სებ-მა სანქციების შესრულების წესში ცვლილება მას შემდეგ შეიტანა, რაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესა.
ბოლო ორ ვაჭრობაში ლარი აშშ დოლართან გამყარდა. დღეს 1.35-თეთრიანი გამყარების შემდეგ, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6681 ლარით განისაზღვრა.