
ნავთობის ფასები 10-თვიან მაქსიმუმზეა. გასული წლის ნოემბრის შემდეგ პირველად, Brent-ის ფასმა $95-ს გადააჭარბა და ბარელზე $95.01 შეადგინა; რაც შეეხება ამერიკულ West Texas Intermediate-ს (WTI), ერთი ბარელი $92.50 ღირს.
ბოლო დროს ნავთობის ფასები გამუდმებით იზრდება, რისი მიზეზიც საუდის არაბეთისა და რუსეთის მიერ წარმოების შემცირებაა. ამასთან, მარაგების კლების შიშს მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორის, ჩინეთის გაზრდილი მოთხოვნაც ემატება.
ვარაუდობენ, რომ მიწოდების შემცირების გამო ნავთობის ფასმა ბარელზე შესაძლოა $100-საც გადააჭარბოს: "ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ფასის $100-ზე გაზრდის რისკები არსებობს, თუმცა ეს რისკები მყარი და ხანგრძლივი არ იქნება,"- აცხადებს Saxo Capital Markets-ის სტრატეგი ჩარუ ჩანანა.
მისივე თქმით, "მაღალი ინფლაცია უფრო მკაცრ მონეტარულ პოლიტიკებს გულისხმობს, რის შემდეგაც მოთხოვნას მხოლოდ OPEC+ დამოუკიდებლად ვერ განსაზღვრავს."