LIVE

ფერმერები, რომლებმაც თხილის წამლობები ჩაატარეს, კარგ შემოსავლებს მიიღებენ - ასოციაცია

18 სექ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1757

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის მერაბ ჭითანავას განცხადებით, საქართველოში მაღალი ხარისხის თხილის გასაყიდი ფასი 7.5-8 ლარის ფარგლებშია. დაბალი ხარისხის თხილის ღირებულება კი 3.80-დან 4.20 ლარამდე მერყეობს.  

გადაცემა „ღია ეკონომიკაში“ სტუმრობისას ჭითანავამ აღნიშნა, რომ თურქეთში, რომელიც თხილის ბაზარზე მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, წელს 750 000 ტონამდე თხილის მოსავლის აღება იყო მოსალოდნელი, თუმცა პროგნოზი 450 000 ტონამდე შემცირდა. მისი თქმით, ამ ფაქტორიდან გამომდინარე, ქართველი ფერმერები, რომლებმაც წელს თხილის ბაღებში წამლობები ჩაატარეს, კარგ შემოსავლებს მიიღებენ.

„თურქი ექსპერტების, ასევე თურქეთის თხილის მწარმოებელთა ასოციაციისა და ექსპორტის ასოციაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, წელს თურქეთში დაახლოებით, 750 000 ტონა თხილის მოსავალი იყო მოსალოდნელი. მოსავლის აღება თითქმის მთავრდება და უახლესი პროგნოზით, მოსავლის რაოდენობა 450 000 ტონამდე შემცირდა. ეს საქართველოსთვის, როგორც დიდ ხუთეულში შემავალი ექსპორტიორი ქვეყნისთვის, ძალიან ხელსაყრელი სიტუაციაა. მოსავლის ოპტიმალური შედეგი რომ გვქონოდა, წელს ალბათ საექსპორტო შემოსავალი ძალიან მაღალი იქნებოდა.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ფერმერები, რომლებმაც წამლობები ჩაატარეს, წელს საკმაოდ კარგ შემოსავლებს მიიღებენ. ასევე, ვფიქრობ, კარგი გაკვეთილი იქნება იმათთვის, ვისაც სამწუხაროდ მუშაობა დაეზარა. იმედია, მომავალ წელს სამუშაოებში უფრო ინტენსიურად ჩაერთვებიან“, - აღნიშნა თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ.

მერაბ ჭითანავას განცხადებით, შარშანდელ საგრძნობლად შემცირებულ მოსავალთან შედარებით, წელს თხილის მოსავლიანობა დაახლოებით 10%-ით გაიზრდება. მისი განმარტებით, მკვეთრი სხვაობაა ხარისხში, რაც 2022 წელთან შედარებით, ბევრად დაბალია.

„ალბათ, საერთო მოსავლის 10%-ზე ნაკლები იქნება მაღალი ხარისხის თხილი, პრემიუმის რაოდენობა კი - კიდევ უფრო დაბალი. პრემიუმის მიღებას ფოკუსირებული, მიზანმიმართული, ეფექტური მუშაობა სჭირდება. ასევე, ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინება - წვიმის წინ არ უნდა შეიწამლოს, თუ იწვიმა ისევ უნდა შეწამლონ და ა.შ.“, - განაცხადა მერაბ ჭითანავამ.