
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს ნიუ-იორკში მდებარე "თურქულ სახლში" შეხვდა. საუბარი ხელოვნურ ინტელექტსა და თურქეთში Tesla-ს ქარხნის გახსნას შეეხებოდა.
ერდოღანის ოფისის თანახმად, პრეზიდენტმა მასკი თურქეთში გლობალურად Tesla-ს რიგით მე-7 ქარხნის გასახსნელად მიიწვია. ერდოღანმა შეხვედრის დროს ასევე განაცხადა, რომ მას სურს, ქვეყანაში Starlink-ის სერვისი ხელმისაწვდომი იყოს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ერდოღანმა მასკი სექტემბრის ბოლოს იზმირში კოსმოსისა და ტექნოლოგიების ფესტივალ Teknofest-ზე დასასწრებად მიიწვია. ადმინისტრაციის თანახმად, მასკმა თქვა, რომ ღონისძიებას სიამოვნებით დაესწრება.
მასკი შეხვედრაზე შვილთან ერთად მივიდა. საუბარი დაახლოებით 45 წუთს გაგრძელდა.
Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი დღეს კალიფორნიაში ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსაც შეხვდება. მასკმა პლატფორმა X-ზე (ყოფილი Twitter) დაწერა, რომ მათი მოლაპარაკებები ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიაზე იქნება ფოკუსირებული.
თურქეთის პრეზიდენტი აშშ-ში გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე დასასწრებად იმყოფება. ამავე მიზნით ნიუ-იორკში საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ჩავიდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აშშ-ში ვიზიტად მყოფმა ღარიბაშვილმა ოფიციალური შეხვედრა თურქეთის ლიდერთან გამართა.