უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რუსეთმა ომში დაახლოებით $167.3 მილიარდი დახარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes ავრცელებს.
გამოცემა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ აღნიშნული თანხიდან $34 მილიარდზე მეტი თავდაცვის ძალების მიერ განადგურებული ტექნიკის ღირებულებაა.
Forbes აღნიშნავს, რომ გამოთვლები ემყარება ომში პირდაპირ სამხედრო ხარჯებს და დაკარგული აღჭურვილობის ღირებულებას. მასში გათვალისწინებული არ არის თავდაცვის მუდმივი ხარჯები, რომლებიც დაკავშირებული არ არის სამხედრო მოქმედებებთან, ასევე ზარალი, რომელიც რუსეთმა იზოლაციის შედეგად მიიღო.
გამოცემის ინფორმაციით, ხარჯებში ყველაზე წილი უჭირავს სამხედრო ოპერაციების უზრუნველყოფას ($51.3 მილიარდი), სამხედრო მოსამსახურეების ხელფასებს ($35.1 მილიარდი), კომპენსაციას დაღუპულთა ოჯახებისთვის ($25.6 მილიარდი) და დაჭრილებისთვის ($21 მილიარდი) და განადგურებული აღჭურვილობის ღირებულებას ($34 მილიარდი).
Forbes-ის გამოთვლებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში დღეში დაახლოებით $300 მილიონს ხარჯავს.