LIVE

საქართველოში საშუალო ხელფასი 1 805 ლარამდე გაიზარდა - საქსტატი

15 სექ 202311:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 361

2023 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 804.5 ლარი იყო.

საქსტატის მონაცემებით, აპრილ-ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხელფასი 17.1%-ით (263.2 ლარი) გაიზარდა.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი შემდეგ დარგებში დაფიქსირდა:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 3 799.8 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 22.2%-ით);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 3 181.4 ლარი (გაიზარდა 19.1%-ით);
  • მშენებლობა - 2 590.3 ლარი (გაიზარდა 18.9%-ით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 525 ლარი (გაიზარდა 25.1%-ით).

II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 437.1 ლარი იყო, ხოლო კაცების - 2 161.6 ლარი. აღსანიშნავია, რომ აპრილ-ივნისში, ქალების ხელფასი წლიურად 196.5 ლარით (15.8%) გაიზარდა, კაცების კი - 333.2 ლარით (18.2%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალებისას.  

საქსტატის მონაცემებით, II კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 289 ლარით (17.8%) გაიზარდა და 1 914.7 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (3 909 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 21.8%-ით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 895.4 ლარი, გაიზარდა 26.5%-ით) სექტორებში ჰქონდათ.  

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით თბილისი და აჭარის რეგიონი ლიდერობდა.