LIVE

საქართველოს მოქალაქეებს დიდ ბრიტანეთში სატრანზიტო ვიზა დასჭირდებათ

13 სექ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 643
საქართველოს მოქალაქეებს დიდ ბრიტანეთში სატრანზიტო ვიზა დასჭირდებათ

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აპირებენ ტრანზიტულად გაემგზავრონ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, პირდაპირი საჰაერო სატრანზიტო ვიზა (Direct Airside Transit Visa – DATV) მოეთხოვებათ. 

ამის შესახებ ჩანაწერი გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზე 8 სექტემბერს გამოჩნდა. სიახლე საქართველოს და რუსეთის მოქალაქეებს შეეხებათ.

newlandchase.com-ის თანახმად, ცვლილება არ შეეხებათ საქართველოსა და რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბრიტანეთში ტრანზიტულად მიმდინარე წლის 5 ოქტომბრამდე შევლენ, ასევე, განკარგულების ძალაში შესვლამდე (8 სექტემბრამდე) მოგზაურობის ჯავშნის არსებობის შემთხვევაში.

ცვლილების მიზეზისა და დამატებითი ინფორმაციის გასარკვევად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ "ბიზნეს ფორმულა" ბრიტანეთის საელჩოსთან გადაამისამართა. 

newlandchase.com-ის მიხედვით, 2018 წლიდან საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეები მუდმივად იკავებენ პირველ ადგილს იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ბოროტად იყენებენ გაერთიანებული სამეფოს სატრანზიტო პირობებს თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით. 

newlandchase.com-ზე ასევე აღნიშნულია, რომ ნორმატიული აქტი, როგორც წესი, პარლამენტში წარდგენიდან 21 დღეში შედის ძალაში, მაგრამ ამ შემთხვევაში, აქტი მომდევნო დღესვე ამოქმედდა. ამის მიზეზი არის სერიოზული შეშფოთება იმის გამო, რომ ამ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც მიემგზავრებიან დიდ ბრიტანეთში და ითხოვენ თავშესაფარს ჩასვლისთანავე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფოს სატრანზიტო ვიზა გაიცემა სტამბოლში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ. ვიზის მიღების მსურველებმა საბუთები თბილისში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოსთან არსებულ UK Visa Application Center-ში უნდა წარადგინონ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის თანახმად, გამონაკლისს წარმოადგენენ:

1. ქალაქ ლონდონში საქართველოს საელჩოში, ან დიდ ბრიტანეთში საერთაშორისო ორგანიზაციაში აკრედიტებული დიპლომატები; ან

2. პირები, ვინც ფლობენ ერთს მაინც ქვემოთ ჩამოთვლილთაგან:
ა) ავსტრალიის, კანადის, ახალი ზელანდიის ან ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ ვიზას (მიუხედავად იმისა, ვიზის მფლობელი პირი მოემგზავრება ამ ქვეყნებიდან, ან მიემგზავრება ამ ქვეყნებში);

ბ) მოქმედ მუდმივ ბინადრობის ნებართვას: ავსტრალიის და კანადის მიერ, 2002 წლის 28 ივნისის შემდეგ გაცემულს, ახალი ზელანდიისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 1998 წლის 21 აპრილის შემდეგ გაცემულს; ან ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი საიმიგრაციო ვიზას დამოწმებული აშშ-ს ჩამოსვლის შტამპით;
გ) მოქმედი საერთო ფორმატის ბინადრობის ნებართვას, გაცემული ევროპის ეკონომიკური ზონის წევრი სახელმწიფოს ან შვეიცარიის მიერ;
დ) მოქმედი საერთო ფორმატის D კატეგორიის ვიზას ევროპის ეკონომიკური ზონის წევრი სახელმწიფოს ან შვეიცარიაში შესასვლელად;
ე) ირლანდიის მოქმედი ბიომეტრიული ვიზას.