LIVE

მექსიკაში Tesla-ს ელექტრომობილების საწარმოს აშენებაზე $15 მილიარდი დაიხარჯება

16 სექ 202315:48
3 წუთის საკითხავი
clock clock 389
მექსიკაში Tesla-ს ელექტრომობილების საწარმოს აშენებაზე $15 მილიარდი დაიხარჯება

ელექტრომობილების უმსხვილესი მწარმოებელი Tesla და მისი მომმარაგებლები მექსიკაში საწარმოს ასაშენებლად მომდევნო ორი წლის განმავლობაში $15 მილიარდის ინვესტირებას გეგმავენ. ამის შესახებ იმ შტატის გუბერნატორმა განაცხადა, სადაც ქარხანა შენდება.

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა ნუევო ლეონის შტატში ქარხნის მშენებლობა ჯერ კიდევ მარტში დააანონსა. მაშინ მექსიკელი ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინვესტიცია $5 მილიარდს შეადგენდა, თუმცა როგორც ირკვევა, მშენებარე ქარხნის დასასრულებლად 3-ჯერ მეტი დაიხარჯება.

ნუევო ლეონის გუბერნატორის, სამუელ გარსიას თქმით, ასეთი მსხვილი ინვესტიცია, თავის მხრივ, სახელმწიფოს ავალდებულებს უფრო მეტი დახარჯოს საზოგადოებრივი სამუშაოებისთვის, მაგალითად, ავტომაგისტრალების მშენებლობისთვის.

აღსანიშნავია, რომ Tesla ერთადერთი არაა, ვისაც მექსიკაში ელექტრომობილების წარმოების გეგმები აქვს. ამ წლის დასაწყისში, ჯერ კიდევ Tesla-ს განცხადებამდე, გლობალურმა მსხვილმა ავტომწარმოებლებმა, BMW-მ, General Motors-მა და Ford-მა დასახეს გეგმები დაიწყონ ან გააძლიერონ ელექტრომობილების წარმოება მექსიკაში.

ოფიციალური განცხადება, Tesla-ს ქარხნის მშენებლობის დასრულებასა და წარმოების დაწყებაზე, კომპანიას არ გაუკეთებია. თუმცა უცხოური მედიის ცნობით, ახალ ქარხანაში წარმოება 2025 წლიდან დაიწყება.