LIVE

"აწარმოე საქართველოში" ელექტროენერგიის წარმოებას დააფინანსებს

06 სექ 202314:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1232
"აწარმოე საქართველოში" ელექტროენერგიის წარმოებას დააფინანსებს

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ბიზნეს უნივერსალის კომპონენტს კიდევ ერთი ეკონომიკური საქმიანობა - ელექტროენერგიის წარმოება დაემატა.

სააგენტოს განცხადებით, აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში სესხით/ლიზინგით სარგებლობისათვის სავალდებულოა, ობიექტი აწარმოებდეს მზის, ქარის ან ჰიდრო ენერგიას და მათი დადგმული სიმძლავრე 0.5 მეგავატს არ აღემატებოდეს. ჰიდროენერგეტიკის შემთხვევაში საუბარია მცირე ზომის ჰესებზე.

"განახლებადი ენერგიების წარმოება და განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, ჩვენი სააგენტო მზად არის ხელი შეუწყოს ელექტროენერგიის მწარმოებელ კომპანიებს, რომლებიც მზის, ქარისა და ჰიდრო ელექტროენერგიას აწარმოებენ. ვფიქრობთ, ეს დაეხმარება როგორც ენერგეტიკის დარგის, ასევე ჩვენი ქვეყნის ენერგომომავალის განვითარებას", - აღნიშნა „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

"ბიზნეს უნივერსალის" პროგრამის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, არსებული საწარმოების გაფართოების და გადაიარაღების ხელშეწყობა, აგრეთვე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საშუალებით.

პროგრამის ფარგლებში, "აწარმოე საქართველოში" ახორციელებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას სესხის სრული ვადით - სებ-ის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%-ის ოდენობით. პროგრამის ფარგლებში ასევე შესაძლებელია დამატებითი სარგებლის მიღება უზრუნველყოფის ნაწილში.

პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ინდუსტრიული დარგი, სასტუმრო ინდუსტრია, ბალნეოლოგიური კურორტები, ტურისტული სერვისები, აგრო და ეკოტურისტული ინდუსტრია.