თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო, ან სანებართვო პირობების დარღვევით მშენებლობაზე ჯარიმების ოდენობა უნდა გაიზარდოს.
დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მან აღნიშნა, რომ შესაბამისი კანონპროექტი უკვე მზადაა და პარლამენტს განსახილველად გადაეგზავნება.
კანონპროექტის თანახმად, I და II კლასის მშენებლობის შემთხვევაში ჯარიმა დაახლოებით 3-ჯერ იზრდება, ხოლო IV და V კლასის შემთხვევაში - 5-ჯერ.
„კანონპროექტი მოვამზადეთ, რომელიც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო, ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობებისთვის ჯარიმების გაზრდას. I და II კლასის შემთხვევაში ჯარიმა დაახლოებით 3-ჯერ იზრდება, ხოლო IV და V კლასის შემთხვევაში - 5-ჯერ.
კონკრეტულად, კანონპროექტის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე I და II კლასის მშენებლობების შემთხვევაში 8 000 ლარის ნაცვლად, 24 000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. როცა მუნიციპალური ინსპექცია შეჩერების ოქმს და ჯარიმას გამოწერს, თუ დაუმორჩილებლობა გაგრძელდება, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.
III და IV კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობისთვის, ან III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისთვის 20 000 ლარის ნაცვლად ჯარიმა 100 000 ლარი იქნება.
კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა სახელმწიფოს, ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, I კლასის მშენებლობისთვის გამოიწვევს ჯარიმას 24 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად არსებული 8 000 ლარისა. სხვა კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის კი ჯარიმა 25 000 ლარის ნაცვლად 125 000 ლარი გახდება.
კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის I კლასის შემთხვევაში სამართალდამრღვევი პირები 2 000 ლარის ნაცვლად 6 000 ლარით დაჯარიმდებიან. II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ნაცვლად 12 000 ლარი იქნება. III კლასის შემთხვევაში 10 000 ლარის ნაცვლად ჯარიმა 50 000 ლარი გახდება. IV კლასის შემთხვევაში კი ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად 75 000 ლარი იქნება.
კანონპროექტს განსახილველად პარლამენტს გადავუგზავნით და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მხარდაჭერა ექნება, რადგან ქალაქზე ზრუნვა მნიშვნელოვანია. არის დარღვევების შემთხვევები, რაც მოსახლეობაში რა თქმა უნდა, დიდ უკმაყოფილებას იწვევს. გვინდა, ამ პრობლემას ყველამ ერთად ვებრძოლოთ. ვფიქრობთ, ჯარიმების გაზრდა გარკვეული პრევენციული მექანიზმი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.