პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძენიც დასუბსიდირდება.
როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სახელმწიფო დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად ჩაიბარებს.
"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ რამდენიმე კვირის წინ შევიკრიბეთ და ჯერ კიდევ მაშინ განვაცხადეთ, რომ სუბსიდიას შევინარჩუნებდით, და ასევე ვთქვით, რომ დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო ჩაიბარებდა 90 თეთრად.
ახლა იცით, რომ რამდენიმე დღის წინ საკმაოდ ძლიერი სეტყვა მოვიდა კახეთში, დაისეტყვა ვენახები, ხალხს უკვე გამზადებული ჰქონდა ყურძენი ჩასაბარებლად და სამწუხაროდ, ეს სეტყვა მოვიდა; მაგრამ, ამის მიუხედავად, მინდა მკაფიოდ განვაცხადო და დავამშვიდო ჩვენი ძვირფასი მოქალაქეები, რომ არცერთი კილოგრამი დაზიანებული, დასეტყვილი თუ ჩვეულებრივი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი. სახელმწიფო ჩაიბარებს 90 თეთრად, მათ შორის დასეტყვილ ყურძენს," - განაცხადა ღარიბაშვილმა.
გასულ კვირას ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში, კერძოდ ყვარლის, თელავის, ახმეტისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა.
მალევე ღვინის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ საწარმო სეტყვით დაზიანებულ 1 კილოგრამ ყურძენში 0.90 ლარს გადაიხდის.