LIVE

აგვისტოში საქართველოში ინფლაციამ 0.9% შეადგინა

04 სექ 202310:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 491
აგვისტოში საქართველოში ინფლაციამ 0.9% შეადგინა

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 0.9% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნული აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7% პროცენტი იყო, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.5%-ით განისაზღვრა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.4%-ით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული - ზრდა 46.4%;
  • ხილი და ყურძენი - 12.9%;
  • თევზეული - 9.7%;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - 5.8%;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 5.8%;
  • ყავა, ჩაი და კაკაო - 1.8%.

ამასთან, ფასები შემცირებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ზეთი და ცხიმი - კლება 26.3%;
  • პური და პურპროდუქტები - 7.9%;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 1.2%;
  • რძე, ყველი და კვერცხი - 0.3%.  

სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.9%-ით. ფასები უმეტესწილად მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (27.9%), პირადი ჰიგიენა (7.9%).

საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირის ჯგუფში ფასები მომატებულია 5%-ით. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (11.7%), ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (9.9%).

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 7.9%-ით. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-13.2%). ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებასა (3.8%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (2.7%).

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 7.3%-იანი კლება. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-17.6%). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (11.6%) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (6.4 %).