Apple-ი 12 სექტემბერს კომპანიის შემოდგომის სეზონის ღონისძიებას ჩაატარებს, რომლის ფარგლებში რამდენიმე ახალი პროდუქტის, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი - iPhone 15-ის პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიება აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ კუპერტინოში, სტივ ჯობსის თეატრში, ჩატარდება. ღონისძიება კალიფორნიის დროით 10:00 საათზე დაიწყება.
ღონისძიებაზე გამოჩნდება iPhone 15-ის, Apple-ის საათებისა (Smartwatches) და ყურსასმენების (Airpods) ახალი მოდელები. საყურადღებოა, რომ აღნიშნული სამი პროდუქტი Apple-ის შემოსავლების 60%-ს შეადგენს.
დამატებით, ღონისძიებაზე სავარაუდოდ განხილული იქნება Apple-ის აღნიშნული სამი პროდუქტის პროგრამული განახლებები: iOS 17, iPadOS 17 და watchOS 10.
როგორც ცნობილია, ღონისძიებაზე არ გაიმართება Apple-ის უახლესი პროდუქტის, ვირტუალური რეალობის ჰედსეტის, Vision Pro-ს, პრეზენტაცია. იგი Apple-მა ჯერ კიდევ ივნისში გააცნო საზოგადოებას.
Apple-ის წარმომდგენლები ფიქრობენ, რომ ახალი მოდელების წარდგენა კომპანიის გაყიდვებს, რომელიც ბოლო პერიოდში მკვეთრად დაეცა, ხელახლა გაზრდის.
გარდა ამისა, კომპანიას პრობლემები აქვს ჩინეთშიც, სადაც უფრო და უფრო მეტ სახელმწიფო მოხელეს უკრძალავენ Apple-ის, როგორც ამერიკული ტექნოლოგიის, პროდუქციის გამოყენებას.
საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ისაა, რომ ახალ iPhone-ებს ანდროიდის ტიპის, უნივერსალური USB-C დამტენის პორტი ექნება, რომელიც Apple-ის ტრადიციულ Lightning პორტს ჩაანაცვლებს.
ღონისძიების მოახლოებასთან ერთად Apple-ის პროდუქტების ახალი მოდელების ტექნიკური მახასიათებლებისა და სიახლეების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება:
iPhone
- გასული წლების მსგავსად, ამჯერადაც მოსალოდნელია, რომ Apple-ი ახალი iPhone-ის 4 მოდელს წარადგენს: iPhone 15, 15 Plus, 15 Pro და 15 Pro Max-ი. iPhone 15-სა და 15 Plus-ს, მსგავსად iPhone 14-ისა და 14 Plus-ისა, ექნებათ ალუმინის დიზაინი შუშის ზურგი; რაც შეეხება 15 Pro-სა და 15 Pro Max-ს, მათში ძველი მოდელების უჟანგავი ფოლადის დიზაინი ტიტანით შეიცვლება.
- iPhone 15-სა და 15 Plus-ს კვლავ 6.1 და 6.7-ინჩიანი ეკრანები ექნებათ, თუმცა iPhone 15 Pro-სა და Pro Max-ის მოდელები შედარებით უფრო დიდი იქნება. ამასთან, მათი ეკრანების გარშემო საზღვრები 1/3-ით თხელი იქნება.
- Pro-ს მოდელებში ფოლადის ტიტანით შეცვლა ტელეფონს უფრო გამძლეს და დაახლოებით 10%-ით მსუბუქს გახდის. iPhone-ის ახალი მოწყობილობები შეინარჩუნებენ ამჟამინდელი მოდელების ყინვაგამძლე შუშის უკანა მხარეს.
- ვიზუალურად iPhone 15 და 15 Plus ამჟამინდელი მოდელების მსგავსი იქნება, თუმცა "დინამიკური კუნძულის" დიზაინი (Dynamic Island), რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ iPhone 14 Pro-სა და 14 Pro Max-ს აქვთ, ახლა ოთხივე ახალ მოდელს ექნება. Dynamic Island-ი აჩვენებს სხვადასხვა სიგნალებს, შეტყობინებებს, მათ შორის შემომავალ და მიმდინარე ზარებს, აქსესუარებთან კავშირებს, Face ID იდენტიფიკაციას, უკონტაქტო ტრანზაქციებსა და ფონის სხვა აქტივობებს.
- iPhone 15 Pro-სა და 15 Pro Max-ის მოდელებში ინტეგრირებული იქნება უფრო სწრაფი, 3-ნანომეტრიანი ტექნიკური პროცესის A17-ის ჩიპები. აღნიშნული პროცესორი მოდელებს უფრო მეტი დავალების ერთდროულად ეფექტურად შესრულების შესაძლებლობას მისცემს. iPhone 15 და 15 Plus-ს კვლავ 4-ნანომეტრიანი A16-ის ჩიპები ექნებათ.
- კამერის მხრივ, დიდი ცვლილებები ექნებათ საბაზისო მოდელებს. კერძოდ, 12-მეგაპიქსელიანი კამერები 48-მეგაპიქსელიანი ვერსიით შეიცვლება. შესაბამისად, iPhone 15-სა და 15 Plus-ის მთავარ კამერებს iPhone 14 Pro-ს მოდელის გარჩევადობა ექნებათ.
- iPhone 15 Pro-სა და 15 Pro Max-ს კვლავ სამი კამერა და 48-მეგაპიქსელიანი სენსორი ექნებათ. ამასთან, კამერის ყველაზე დიდი განახლება Pro Max-ის მოდელს ექნება: როგორც ცნობილია, მას შეეძლება ფოტოების ორჯერ უფრო მეტად გადიდება; 3X ოპტიკური ზუმი 6X ოპტიკური ზუმამდე უმჯობესდება.
- ყველა ახალ მოდელს U2-ის ჩიპი ექნება, რაც 2019 წელს iPhone 11-ის მოდელებისთვის განვითარებულ U1-ის ტიპის ჩიპებს ჩაანაცვლებს. სავარაუდოდ, აღნიშნული ცვლილება Find My app-ში მოწყობილობის მდებარეობის დადგენას გააუმჯობესებს.
- ოთხივე ახალი მოდელის შემთხვევაში, Lightning-ის გადამყვანი ანდროიდის ტიპის, უნივერსალური USB-C პორტით შეიცვლება.
- Pro-ს მოდელებში ხმის ჩართვისა და გათიშვის (ring/mute) გადამრთველი ღილაკი შეიცვლება. აღნიშნულ მოდელებს ექნებათ ე.წ. "Action Button" (სამოქმედო ღილაკი), რომელიც სხვადასხვა ფუნქციაზე იქნება მორგებული; მათ შორისაა ტელეფონის ხმის გათიშვა, განათების ჩართვა, კამერის ჩართვა, ხმის ჩაწერის დაწყება, Siri-ის გახსნა და სხვ.
- iPhone 15 და 15 Plus-ის მოდელები შემდეგ ფერებში გამოვა: ვარდისფერი, შავი, თეთრი, ლურჯი და ყვითელი; ხოლო 15 Pro და 15 Pro Max-ის მოდელების ფერები იქნება ნაცრისფერი, შავი, მუქი ლურჯი და თეთრი.
Apple Watch
- Apple-ი საათების ორი ახალი ხაზის გამოშვებას გეგმავს: Apple Watch Series 9, რომელთა ზომაც, ამჟამინდელი მოდელების მსგავსად, 41 და 45 მილიმეტრი იქნება, და მეორე თაობის Ultra, რომლის ზომაც 49 მილიმეტრი იქნება.
- ყველა მოდელის დიზაინი წინა ვარიანტების მსგავსი იქნება. მიუხედავად ამისა, Apple-ი საათების ახალ მასალებითა და ახალ ფერებში გამოშვებას გეგმავს.
- წლევანდელ მოდელებს, 2020 წლის შემდეგ პირველად, ახალი ჩიპები ექნებათ. როგორც iPhone 15-ის მოდელები, საათებიც U2 ტიპის ჩიპებით აღიჭურვება, რაც მათი მდებარეობის დადგენას გააუმჯობესებს.
- საათების სიჩქარე, ხარისხი და ეფექტიანობა, მათ შორის, გულის ცემის სენსორი, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
AirPods
- მსგავსად iPhone-ებისა, AidPods-ების ახალ მოდელებსაც USB-C დამტენის პორტი ექნებათ.
- AirPods-ების ჩასადებს პროგრამული განახლებები ექნება; კერძოდ, earbuds-ებს ყურსასმენების გამორთვისა და ჩართვის ფუნქცია დაემატება. ამასთან, მას ექნება ახალი ფუნქცია სახელად Conversation Awareness: იგი ავტომატურად გააჩერებს ხმას, როდესაც ადამიანები პიროვნებასთან, რომელსაც ყურსასმენები უკეთია, საუბარს დაიწყებენ.
- გარდა ამისა, Apple-ი მუშაობს, რომ ახალ AirPods-ებს სხეულის ტემპერატურის გაზომვისა და მოსმენის ახალი ფუნქციები შეემატოს, თუმცა სავარაუდოდ, აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლების შესახებ Apple-ის მომხმარებლები სამომავლოდ, სხვა დროს გაიგებენ ინფორმაციას.