LIVE

iPhone 15-ს შესაძლოა ანდროიდის მსგავსი დამტენი ჰქონდეს

21 აგვ 202315:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 918
iPhone 15-ს შესაძლოა ანდროიდის მსგავსი დამტენი ჰქონდეს

iPhone-ის ახალ მოდელს, რომელიც ტრადიციულად ყოველ სექტემბერს გამოდის, შესაძლოა უნივერსალური USB-C დამტენის პორტი ჰქონდეს. iPhone-ებისთვის ეს ცვლილება ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაუმჯობესება იქნება.

ანალიტიკოსები და უცხოური მედია აქტიურად განიხილავს შესაძლებლობას, რომ iPhone 15-ზე USB-C დამტენის გამოყენება იქნება შესაძლებელი. USB-C ჩაანაცვლებს Apple-ს ტრადიციულ Lightning პორტს, რომელიც 2012 წლიდან გამოიყენება iPhone-ებზე. USB-C დამტენის ტიპი ბოლო რამდენიმე წელია გამოიყენება ახალი ლეპტოპებისთვის, ანდროიდის მოდელის ტელეფონებისთვის, პლანშეტებისთვის და სხვადასხვა ტიპის ტექნიკისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ Apple ჯერჯერობით არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, უცხოური მედიის ცნობით, ცვლილება გარდაუვალია. საქმე ისაა, რომ ევროკავშირმა გასულ წელს დაამტკიცა კანონმდებლობა, რომელიც 2024 წლიდან ევროპის ბაზარზე მხოლოდ USB-C პორტის მქონე სმარტფონების რეალიზებას ითვალისწინებს. ნაკლებ სავარაუდოა, რომ Apple-მა მხოლოდ ამ კონკრეტული ბაზრისთვის აწარმოოს iPhone-ის განსხვავებული მოდელი.

„ცხადია, მოგვიწევს დამორჩილება“, - თქვა გრეგ ჯოსკვიაკმა, Apple-ის მთავარმა მარკეტერმა გასულ წელს.

თუმცა Apple-ი კანონპროექტს თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა. 2021 წლის მიმართვაში კომპანიამ განაცხადა, რომ რეგულაცია შესაძლოა შეაფერხოს დამუხტვის ტექნოლოგიებში სამომავლო ინოვაციები, ასევე გამოიწვიოს მათი მომხმარებლის დამატებითი ინფორმაციით დაბნეულობა.

„ჩვენ გვაღელვებს ის ფაქტი, რომ ერთი ტიპის დამტენის მოთხოვნა ყველა მოწყობილობისთვის დამუხტვის ინოვაციურ სტანდარტებზე, მათ შორის, უფრო დაცულ და ენერგოეფექტურ პროდუქტზე წვდომას შეუზღუდავს ევროპელ მომხმარებლებს“, - ნათქვამია Apple-ის წერილობით მიმართვაში.

Apple-ის სტრატეგიის უცვლელ ფოკუსად iPhone-ი რჩება, შესაბამისად, კომპანიის ყველა ტექნიკური გადაწყვეტილება, მთავარი პროდუქტის გაყიდვის გაზრდისკენაა მიმართული. ასე მაგალითად, დამტენებისა და კაბელების გაყიდვით, მეტწილად Wearables, Home, and Accessories პროდუქციის ხაზში, კომპანიამ 2022 წელს მხოლოდ $41 მილიარდი გამოიმუშავა, მაშინ როცა iPhone-ების გაყიდვით მიღებულმა შემოსავალმა წელიწადში $205 მილიარდი შეადგინა.

ახალი iPhone-ების USB-C პორტით წარდგენის შემთხვევაშიც, ის არ გახდება Apple-ის პროდუქტის დამუხტვის ერთადერთი ალტერნატივა. კომპანიამ გასულ წლებში iPhone-ის ახალი მოდელებისთვის მაგნიტური დამტენი MagSafe წარადგინა. მაგნიტური დამტენით იმუხტება Apple Watch-ი. კომპანიამ MacBook-ის ბოლო მოდელებისთვისაც წარადგინა მაგნიტური დამტენები.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კომპანია საბოლოოდ მთლიანად ამოიღებს პორტებს iPhone-დან. თუმცა მანამდე Apple-ის ერთგულ მომხმარებლებს კვლავ დასჭირდებათ რამდენიმე ტიპის დამტენის მოხმარება.