LIVE

Burger King-ს მომხმარებელი ბურგერის მოცულობის შესახებ შეცდომაში შეყვანას ედავება

06 სექ 202318:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 409
Burger King-ს მომხმარებელი ბურგერის მოცულობის შესახებ შეცდომაში შეყვანას ედავება

Burger King-ს სასამართლოში მოუწევს დაამტკიცოს, რომ ისეთივე ბურგერით უმასპინძლდება მომხმარებლებს, როგორიც სარეკლამო ბანერზეა წარმოდგენილი. მომხმარებელი სარესტორნო ქსელს „ტყუილსა“ და თავისი პროდუქციის შესახებ არასწორი წარმოდგენის შექმნაში ედავება.

საჩივრის მიხედვით, რესტორნის საკულტო ბურგერის, Whoppers-ის სარეკლამო ბანერს მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს. სინამდვილეში, რესტორნის მიერ გაყიდული პროდუქცია უფრო მცირე ზომისაა. მომჩივანთა ჯგუფი აშშ-ს რამდენიმე შტატიდან ამტკიცებს, რომ ბანერზე წარმოდგენილი ბურგერი 35%-ით დიდია და უფრო მეტ შიგთავსს შეიცავს, ვიდრე რეალური პროდუქტი.

Burger King-ი ბრალდებებს უარყოფს. მან სასამართლოს საქმის განხილვის შეწყვეტისთვის მიმართა, რაზეც უარი მიიღო. კომპანია განმარტავს, რომ მომხმარებლისთვის სიახლე არაა, რომ სარეკლამო ბანერებზე გამოყენებული ფოტოები დამუშავებულია პროდუქტის „რაც შეიძლება მადისაღმძვრელად“ წარმოჩენის მიზნით. ასევე დასძენს, რომ არ მოეთხოვებათ „ზუსტად სარეკლამო მოდელის“ მსგავსი პროდუქციის გაყიდვა.

აშშ-ს საოლქო სასამართლომ ბათილად ცნო ბრალდება კომპანიის მხრიდან მომხმარებელთა დაცვის კანონის დარღვევასა და სატელევიზიო თუ ონლაინ რეკლამების მიერ მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანაზე. თუმცა ძალაში რჩება სარჩელის სხვა კომპონენტები, როგორებიცაა - გაუფრთხილებლობით არასწორი წარმოდგენის შექმნა, ხელშეკრულების დარღვევა და სხვა. სასამართლო აცხადებს, რომ მათ არ შეუძლიათ დაადგინონ, იყო თუ არა რეკლამაში მოცემული და გაყიდული ბურგერი ერთი და იმავე ზომის, ამიტომ საქმე შესაძლოა ნაფიც მსაჯულებს გადაეცეთ განსასჯელად.

მსგავსი ტიპის დავა აშშ-ს სასამართლოსთვის პირველი შემთხვევა არაა. ამჟამად, აქტიური ფაზაშია ნიუ-იორკის სასამართლოში დავა McDonald's-ის და Wendy's-ის წინააღმდეგ. მომხმარებლები რეკლამაში უფრო დიდი და ინგრედიენტებით დახუნძლული პროდუქციის წარმოჩენაზე ედავებიან Taco Bells-საც. თითოეული ეს საქმე $5-მილიონიანი ზარალის ანაზღაურებას ითვალისწინებს.