LIVE

პარიზში ელექტრო სკუტერების გაქირავება მიმდინარე კვირიდან აიკრძალება

28 აგვ 202315:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1186
პარიზში ელექტრო სკუტერების გაქირავება მიმდინარე კვირიდან აიკრძალება

პარიზში მიმდინარე კვირაში ელექტრო სკუტერების გაქირავება აიკრძალება.

აქამდე გადაწყვეტილების შეცვლის მოლოდინი არსებობდა, თუმცა კომპანიებმა, რომლებიც ელექტრო სკუტერების სერვისის ლიცენზიას ფლობენ, CNBC-ს დაუდასტურეს, რომ 1 სექტემბრის დედლაინამდე ამოიღებენ სკუტერებს. სამი კომპანია პარიზის მასშტაბით ჯამში 15 000 სკუტერს ფლობს. 

შეზღუდვას წინ უძღოდა აპრილში ჩატარებული რეფერენდუმი, სადაც მოქალაქეებს უნდა დაეფიქსირებინათ, ემხრობოდნენ თუ ეწინააღმდეგებოდნენ სკუტერების დაქირავებას. 90%-მა მხარი აკრძალვას დაუჭირა.

საგულისხმოა, რომ თავის დროზე პარიზი ერთ-ერთი პიონერი იყო და ქალაქში სკუტერები 2018 წლიდან გამოჩნდა, თუმცა ტრანსპორტის პოპულარობის ზრდასთან ერთად, გაიზარდა ინციდენტების რაოდენობაც, რომელთა ნაწილსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. აკრძალვის მომხრეთა ნაწილის არგუმენტია ისიც, რომ სკუტერით გადაადგილებისას ადამიანები მოძრაობის წესებს არღვევენ.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდვა არ შეეხება სკუტერებს, რომლებიც კერძო საკუთრებაშია და ის მხოლოდ გაქირავების სერვისს კრძალავს. სკუტერების გაქირავების სერვისი ჯერ კიდევ არსებობს საფრანგეთის სხვა ქალაქებში, მათ შორის მარსელსა და ლიონში. ბევრმა ქალაქმა შემოიღო შეზღუდვები სკუტერებზე, როგორიცაა სიჩქარის ლიმიტი. ზოგი მათ ტროტუარებზე და ველოსიპედის ბილიკებზე ტარების საშუალებას აძლევს, ზოგი კი არა. თუმცა, პირდაპირი აკრძალვები იშვიათია.