LIVE

აუდიტის სამსახურმა "თბილსერვისის" საქმიანობაში დარღვევები გამოავლინა

26 აგვ 202315:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 742
აუდიტის სამსახურმა "თბილსერვისის" საქმიანობაში დარღვევები გამოავლინა

ხარვეზები შესყიდვებში, სატენდერო დოკუმენტებში, ინტერესთა კონფლიქტი, საბაზრო ფასის უგულებელყოფა, საბაზრო ფასის უგულებელყოფა, არაგონივრული ადმინისტრაციული ხარჯები - ეს იმ ხარვეზების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა "თბილსერვის ჯგუფის" 2020-2021 წლების საქმიანობაში გამოავლინა

ანგარიშის მიხედვით, აუდიტმა შემდეგი მიგნებები გამოავლინა:

დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების ხარვეზები - დაგეგმვის, შესრულებისა და კონტროლის პროცესებში არსებული სისუსტეების შედეგად, "თბილსერვის ჯგუფი" დიდი ოდენობით თანხებს ხარჯავს ზოგიერთი ისეთი მომსახურების მისაღებად, რომლის ღირებულების გაანგარიშებაც არ ეფუძნება რეალურ გათვლებს.

სატენდერო დოკუმენტების ხარვეზები - ავტომანქანების შესყიდვის პროცესში სატენდერო მოთხოვნები ზღუდავდა კონკურენციას, რის გამოც ტენდერი ერთი პრეტენდენტის მონაწილეობით ჩატარდა და მიმწოდებელმა გაიმარჯვა სრული სავარაუდო ღირებულების იდენტური სატენდერო ფასით. შედეგად, შემსყიდველმა დაკარგა სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.

გამარტივებულ შესყიდვებში არსებული ხარვეზები - მუნიციპალურმა შპს-მ სამ შემთხვევაში შესყიდვის პროცედურები წარმართა არასათანადოდ. შედეგად, შესყიდვის ობიექტის ერთეულის ღირებულებები გაიზარდა და შემსყიდველმა დაკარგა მნიშვნელოვანი ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.

სატენდერო პირობებით შეზღუდული კონკურენცია - თბილსერვისმა სახელმწიფო შესყიდვების პროცესი წარმართა იმგვარად, რომ კონტროლის სუსტი მექანიზმების შედეგად, ორ შემთხვევაში დაბალი სატენდერო ფასის მქონე პრეტენდენტებს მიანიჭა დისკვალიფიკაცია. შედეგად, შემსყიდველმა დაკარგა სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.

საბაზრო ფასის უგულებელყოფა - სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, თბილსერვისს პრეტენდენტების მიმართ გააჩნდა არაერთგვაროვანი მიდგომა. შედეგად, შემსყიდველმა დაკარგა სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.

ინტერესთა კონფლიქტი - დაგეგმვასა და მონიტორინგში არსებული კონტროლის სუსტი მექანიზმების შედეგად, თბილსერვისმა შესყიდვის პროცესი წარმართა იმგვარად, რომ დაირღვა ინტერესთა კონფლიქტის პირობები. ამასთანავე, ინვენტარიზაცია არ ტარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით, ხოლო შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება ხორციელდებოდა არასათანადოდ.

ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ხარვეზები - თბილსერვისში ზოგიერთი დასაქმებულის ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად აჭარბებს ადამიანის ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობას. აღნიშნული წარმოქმნის რისკს, რომ აღრიცხვის დოკუმენტში დასაქმებულთა ზეგანაკვეთური საათების მითითებული რაოდენობა არაგონივრულადაა გაზრდილი, მეტი ანაზღაურების გაცემის მიზნით.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის ხარვეზები - სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად, თბილსერვისი იყენებს 869 ერთეულ მსუბუქ და მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებას, რაც არაგონივრულად მაღალია და მათი მოვლა-შენახვისთვის არარაციონალურად იხარჯება კომპანიის ფულადი სახსრები. ამასთანავე, შპს-ს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებაზე.

გამოუყენებელი სააღრიცხვო მოწყობილობა - მუნიციპალურ შპს-ში გაუმართავია დასუფთავების თანამშრომელთა საველე პირობებში გამოცხადების აღრიცხვის ელექტრონული სისტემა. თბილსერვისმა არ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები აღრიცხვის ელექტრონული სისტემის სრულად ფუნქციონირებისათვის.

ნაგავსაყრელის მოვლა-პატრონობის ხარვეზები - მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელი პოლიგონის მართვასა და მოვლა-პატრონობაში არსებული კონტროლის სუსტი მექანიზმების შედეგად, თბილსერვისმა ვერ უზრუნველყო პოლიგონის მოწყობა დადგენილი სტანდარტებისა და ნორმების შესაბამისად.

ზიანის ანაზღაურება - თბილსერვისმა ხელშეკრულების მართვის ეტაპზე პროცესები წარმართა იმგვარად, რომ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ვერ მიაღწია შესყიდვით დაგეგმილ მიზანს. აღნიშნულის გამო თბილსერვისს დაეკისრა დამატებითი ხარჯის გადახდა.

დაკისრებული სანქციები - კონტროლის მექანიზმების არასათანადო ფუნქციონირების შედეგად, თბილსერვისმა დაარღვია საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამასთანავე, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ვერ უზრუნველყო ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. შედეგად, მუნიციპალურმა შპს-მ ჯარიმის სახით დამატებით გადაიხადა 163.9 ათასი ლარი.