LIVE

უკრაინამ JTI და Philip Morris ომის სპონსორად გამოაცხადა

25 აგვ 202313:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 380
უკრაინამ JTI და Philip Morris ომის სპონსორად გამოაცხადა

უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ მსოფლიოს წამყვანი თამბაქოს კომპანიები Japan Tobacco International (JTI) და Philip Morris International ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეიყვანა

სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით, კომპანიები აგრძელებენ რუსეთში ბიზნესის წარმოებას და მისი ეკონომიკას მხარდაჭერას.

კერძოდ, თითქმის 35%-იანი წილით, Japan Tobacco International რუსეთში თამბაქოს ბაზრის უდავო ლიდერია. კომპანია რუსეთის ბაზარზე წარმოდგენილია ბრენდებით: Winston, LD, Mevius, Camel, Sobranie.

"გასული 20 წლის განმავლობაში, რუსეთის ეკონომიკაში JTI-ის ინვესტიციებმა $4.6 მილიარდს გადააჭარბა. 2020 წელს კომპანიის საგადასახადო გადახდებმა შეადგინა რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლის 1.4%. თავად კომპანიამ ღიად განაცხადა, რომ რუსეთის ბაზარზე 2022 წელს JT Group-მა დაახლოებით $2 მილიარდი გამოიმუშავა - ანუ მისი 2022 წლის კონსოლიდირებული შემოსავლის დაახლოებით 11%", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ JTI-ის წარმომადგენლებმა რუსეთში ახალი ინვესტიციებისა და მარკეტინგული საქმიანობის შეჩერების შესახებ განაცხადეს, თუმცა კომპანია კვლავ აგრძელებს პროდუქციის წარმოებას და დისტრიბუციას რუსეთში.

რაც შეეხება Philip Morris International-ს, The Kyiv Independent წერს, რომ მისმა ბაზრის წილმა რუსეთში 2019 წელს 30.1% შეადგინა. ამრიგად, კომპანია რუსეთის ბიუჯეტის ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელია. 

გამოცემის თანახმად, Philip Morris International აწარმოებს Marlboro-ს, Parliament-ს, Bond-ს, Chesterfield-ს, L&M-ს, Next-ს და HEETS-ს. ამჟამად, Philip Morris International-ის მთლიანი ინვესტიცია რუსეთში $2 მილიარდს აჭარბებს.

Philip Morris-ის რუსული შვილობილი კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის წმინდა მოგება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველ წელს 45%-ით გაიზარდა, 2021 წელთან შედარებით. შესაბამისად, რუსეთის ბიუჯეტში $136 მილიონზე მეტი საშემოსავლო გადასახადი შევიდა.

უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტო წერს, რომ ომის დაწყების შემდეგ, Philip Morris-მა რუსული ბიზნესის გაყიდვის სურვილი გამოთქვა, მაგრამ, სავარაუდოდ, ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ამიტომ კორპორაცია კვლავ რჩება რუსეთის ბიუჯეტის ერთ-ერთ უმსხვილეს გადამხდელად.

მიმდინარე თვეში უკრაინამ ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში ასევე შეიყვანა ჩინური Alibaba Group Holding Limited, რომელიც AliExpress ონლაინ მაღაზიის მფლობელია.

კიდევ უფრო ადრე ამ სიაში მოხვდნენ ალკოჰოლური კომპანია Bacardi Limited და ტკბილეულის მწარმოებელი Mondelez International.

სიის მიზანია წაახალისოს საერთაშორისო ბრენდები, დატოვონ რუსეთი და დაფინანსება შეუმცირდეს ქვეყნის ბიუჯეტს, რომელიც ომს აფინანსებს.