LIVE

ნიუ-იორკში სამთავრობო მოწყობილობებზე TikTok-ი აიკრძალა

17 აგვ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 329
ნიუ-იორკში სამთავრობო მოწყობილობებზე TikTok-ი აიკრძალა

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო, ქალაქ ნიუ-იორკში სამთავრობო მოწყობილობებით სოციალურ ქსელ TikTok-ის გამოყენება აიკრძალა. ამ გადაწყვეტილებით ნიუ-იორკი შეუერთდა იმ ქალაქებსა და შტატებს, სადაც ამავე მიზეზით უკვე აკრძალულია აპლიკაციის გამოყენება.

სახელმწიფო სამსახურებს შემდეგი 30 დღის განმავლობაში მოეთხოვებათ აპლიკაციის წაშლა ქალაქის საკუთრებაში არსებული მოწყობილობებიდან. ნიუ-იორკის შტატში ეს აკრძალვა უკვე მოქმედებს.

„TikTok-ი ქალაქის ტექნიკური ქსელის დაცულობას საფრთხეს უქმნიდა“, - ნათქვამია ქალაქის მერის, ერიკ ადამსის განცხადებაში.

აშშ-ის უსაფრთხოების მაღალჩინოსნები, მათ შორის FBI-ს და CIA-ს ხელმძღვანელები TikTok-ის საფრთხეებზე ხშირად საუბრობენ. FBI-ს დირექტორმა, კრისტოფერ ვრეიმ მარტში განაცხადა, რომ ჩინეთის მთავრობას აპლიკაციის გამოყენებით მილიონობით მოწყობილობის კონტროლი და ანტისახელმწიფოებრივი ნარატივების გავრცელება შეუძლია. ის ასევე აღნიშნავს, რომ აპლიკაცია მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. 

თავად TikTok-ის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მნიშვნელოვან ზომებს იღებენ მომხმარებლების კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დასაცავად. ასევე აცხადებენ, რომ ჩინეთის მთავრობასთან აშშ-ს მომხმარებლების მონაცემები არ გაუზიარებია და ამას არც მომავალში გეგმავენ. 

ჩინური გიგანტის ByteDance-ის აპლიკაციას აშშ-ში 150 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს. ზრდასრული მოსახლეობის თითქმის ნახევარი მხარს უჭერს ქვეყანაში TikTok-ის აკრძალვას. ცოტა ხნის წინ მონტანა გახდა პირველი შტატი, სადაც ვიდეოების პოპულარული აპლიკაცია აიკრძალება.