LIVE

რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილებში, ტაიფუნის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

12 აგვ 202313:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 454
რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილებში, ტაიფუნის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

რუსეთის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილებში დღეს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის მიზეზი გახდა ტაიფუნი "ხანუნის" შედეგად გამოწვეული ძლიერი წვიმები, რომლებმაც რამდენიმე რუსული დასახლება დატბორა. 

კერძოდ, ტაიფუნი რუსეთში პრიმორიეს მხარეს დაატყდა თავს. შედეგად, პრიმორიეს 9 მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა; ძლიერი წვიმების გამო 32-მდე დასახლება ჩაიკეტა; ამასთან, 543 სახლი და გზების დიდი მონაკვეთი დაიტბორა.

გარდა ამისა, პრიმორიეს მხარის ორ ქალაქში, უსურიისკსა და სპასკ-დალნიში, ევაკუაცია გამოცხადდა. 

"წყალი ქალაქის (სპასკ-დალნი) მდინარისპირა ნაწილებში სწრაფად მატულობს," - აღნიშნული განცხადება Telegram-ის აპლიკაციაში პრიმორიეს ადგილობრივმა მთავრობამ გამოაქვეყნა. სპასკ-დალნის მოსახლეობა 44 000 ადამიანს შეადგენს. 

რაც შეეხება უსურიისკს, აქ ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობის შესაკავებლად აშენებული კაშხალი დაარღვია. აღნიშნულ ქალაქში 150 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. 

მომდევნო დღეებში ძლიერი წვიმები პრიმორიეში კვლავ მოსალოდნელია.  

გასულ კვირას ტაიფუნი "ხანუნი" იაპონიას დაატყდა თავს. იაპონიის შემდეგ მან ჩრდილოეთ კორეას გადაუარა. შაბათს კი უკვე რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილს მიაღწია.