LIVE

Bloomberg: ზედმეტად მაღალი ტემპერატურა თვითმფრინავებს აფრენაში ხელს უშლის

13 აგვ 202318:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 925
Bloomberg: ზედმეტად მაღალი ტემპერატურა თვითმფრინავებს აფრენაში ხელს უშლის

კლიმატის ცვლილება ავიაციის სფეროს პრობლემადაც იქცა. უკიდურესად ცხელი ტემპერატურის დროს მოლეკულები უფრო მაღალი სიჩქარით მოძრაობენ და ჰაერის სიმკვრივე ეცემა; ეს კი თვითმფრინავებს აფრენაში უშლის ხელს.

ავიაკომპანიები და პილოტები ხშირად ფრენებს აუქმებენ, როდესაც გარემოში ტემპერატურა ძალიან მაღალ ნიშნულს აღწევს. თვითმფრინავები ზოგჯერ საათობით ჩერდებიან ასაფრენ ბილიკებზე, რასაც ფრენების განრიგში ცვლილებები და ავიარეისების განრიგში შეფერხებები მოჰყვება. აღნიშნული პრობლემა, გლობალური დათბობის ფონზე, მომავალში კიდევ უფრო აქტუალური გახდება.

2017 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტმა ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმადაც აშშ-ში ფრენების საშუალოდ 30%-ის შემთხვევაში თვითმფრინავზე ბარგის წონის დამატებითი შეზღუდვები მოქმედებს მაშინ, როდესაც ტემპერატურა ზედმეტად მაღალია. 

სირაკუზის უნივერსიტეტის პროფესორის, ეთან კოფელის თქმით, აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკურ შეზღუდვას, რომელსაც სიცხის გამო შემცირებული ჰაერის სიმკვრივე ქმნის; ხოლო ამის გამოსწორების ტექნოლოგიური გზა არ არსებობს.

აღმოჩნდა, რომ სიცხის გამო შესაძლოა უფრო მეტი ფრენა გადაიდოს, ვიდრე ძლიერი წვიმისა თუ თოვლის მიზეზით. ასე მაგალითად, ჩიკაგოს ო'ჰარას საერთაშორისო აეროპორტში 2022 წლის ზაფხულში თითქმის ორჯერ უფრო მეტი ფრენა გადაიდო, ვიდრე იმავე წლის ზამთარში. 

მწარმოებლები მუდამ ცდილობენ, თვითმფრინავები უფრო მსუბუქი მასალისგან დაამზადონ. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ სფეროში მეტი პროგრესის შესაძლებლობა თითქმის არ არსებობს. შედეგად, მსგავს სიტუაციებში ერთადერთ გამოსავლად ცხელიდან შედარებით გრილ საათებში ფრენების გადადება და თვითმფრინავზე დამატებითი წონის შემცირება რჩება.