LIVE

UNESCO-ს რეკომენდაციაა, ვენეცია საფრთხის ქვეშ მყოფი კულტურული ძეგლების სიაში დაემატოს

07 აგვ 202315:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 338
UNESCO-ს რეკომენდაციაა, ვენეცია საფრთხის ქვეშ მყოფი კულტურული ძეგლების სიაში დაემატოს

UNESCO-ს ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ ვენეციისა და მისი სანაპიროების საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის დამატებას. მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ იტალია საკმარისად ვერ იცავს ქალაქს კლიმატის ცვლილებებისა და მასობრივი ტურიზმის გავლენისგან.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ იტალიის მიერ შეთავაზებული ზომები არაა საკმარისი. ასევე, იტალიას არასათანადო კომუნიკაცია აქვს ორგანიზაციასთან 2021 წლის კომიტეტის სხდომის შემდეგ, სადაც უკვე იდგა საკითხი ვენეციის საფრთხის შემცველი ძეგლების სიაში დამატებაზე.

UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის რეკომენდაციას გამოეხმაურა ვენეციის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, რომელმაც უცხოურ მედიასთან განაცხადა, რომ შეთავაზებულ გადაწყვეტილებას ყურადღებით გადახედავენ და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს.

ვენეცია, რომელიც ცნობილია თავისი წყლის არხებითა და კულტურული სანახაობებით, დიდი ხანია ებრძვის მასობრივ ტურიზმს. 2019 წელს, ერთ-ერთი კარნავალის დღეს, ქალაქის ისტორიულ ცენტრში 193 000-მა ადამიანმა მოიყარა თავი. ქალაქი ემზადებოდა ტურისტებისთვის დღიური ვიზიტის საფასურის დაწესებისთვის, თუმცა გამოთქმული წინააღმდეგობების გამო, ინიციატივის აღსრულება გადაიდო.

UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრი რეგულარულად განიხილავს გაერო-ს კულტურული სააგენტოს 1 157 ძეგლის მდგომარეობას. სექტემბერში საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადიში გაიმართება კომიტეტის 21 წევრი ქვეყნის შეხვედრა, სადაც 200 ძეგლის მდგომარეობას გადახედავენ და გადაწყვეტენ რომელი უნდა დაემატოს საფრთხის ქვეშ მყოფთა სიას.

ექსპერტები ვენეციის გარდა თითქმის 10 ძეგლისთვის გასცემენ რეკომენდაციას საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში დამატებაზე. მათ შორისაა უკრაინაში ოდესის ისტორიული ცენტრი, ლვოვი და კიევი, მალიში ქალაქი ტიმბუქტუ და ასევე რამდენიმე ადგილი სირიაში, ერაყსა და ლიბიაში.