LIVE

კადრები, ნედლეული, სახელმწიფოს მხარდაჭერა - გამოწვევები მოდის ინდუსტრიაში

13 აგვ 202314:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 383
კადრები, ნედლეული, სახელმწიფოს მხარდაჭერა - გამოწვევები მოდის ინდუსტრიაში

მიუხედავად იმისა, რომ ქართული მოდა ვითარდება და არა ერთი ქართული ბრენდი უცხოურ ბაზარზე გასვლას ახერხებს, გამოწვევები კვლავაც ბევრია. სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა ხარისხიანი ნედლეული, კადრების დეფიციტი, წარმოების მცირე მასშტაბები თუ სახელმწიფოსგან ხელშეწყობის არ არსებობა.

როგორც დიზაინერები "ბიზნეს ფორმულასთან" განმარტავენ, რთულად მოსაძიებელია ე.წ. კონსტრუქტორები. ქვეყანაში სულ 3-4 საწარმოს აქვს დანადგარი, რომელიც თარგებს აგენერირებს, რასაც თავის მხრივ ცოდნა სჭირდება, კადრების მოძიება კი რთულია.

გარდა ამისა, პრობლემაა ისიც, რომ ქვეყანაში დიდი საწარმოები არ არის, რაც მოცულობითი შეკვეთების მომსახურებას ართულებს.

გამოწვევების პარალელურად, დიზაინერები, რომლებიც ფინანსურ მხარდაჭერას კულტურის სამინისტროს სთხოვენ, პასუხად უარს იღებენ. 

"როდესაც მოწვევა მივიღე მილანის ერთ-ერთი ცნობილი პლატფორმიდან და ევროპის საუკეთესო სამეულშიც კი გავედი, მივმართე კულტურის სამინისტროს დასახმარებლად და ასე მითხრეს, მოდასთან და ხელოვნებასთან არაფერ შუაში ვართ და ვერ დაგეხმარებითო. ასეთი დამოკიდებულება წარმოუდგენელია," - აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას ბრენდ "კომბინიზონას" დამფუძნებელი, განო მელითაური. 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ექსპორტისთვის აუცილებელია ქართული ბრენდის პროდუქცია ხარისხიანი ნედლეულისგან იყოს შექმნილი და ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატიც არსებობდეს. როგორც დიზაინერები "ბიზნეს ფორმულასთან" ჰყვებიან, დღემდე შეუძლებელია საქართველოში მოიძიო ისეთი მომწოდებელი, რომელსაც აღნიშნული დოკუმენტი ექნება, ეს კი პროდუქციის დასავლურ ბაზრებზე გასვლას აფერხებს.