LIVE

2022 წელს ბაზრებმა და ბაზრობებმა ₾170.7 მილიონის შემოსავალი მიიღეს - საქსტატი

28 ივლ 202316:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 240
2022 წელს ბაზრებმა და ბაზრობებმა ₾170.7 მილიონის შემოსავალი მიიღეს - საქსტატი

ბაზრებისა და ბაზრობების შემოსავლებმა გასულ წელს 170.7 მილიონი ლარი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, ამ თანხიდან 13.1 მლნ. ლარი (7.7%) ვაჭრობის უფლების გაცემიდან (ერთჯერადი გადასახდელის სახით) მიღებული შემოსავალია, 149.5 მილიონი ლარი (87.6 %) - სავაჭრო ფართის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი, ხოლო 8.1 მილიონი ლარი (4.7%) - სხვა შემოსავალი.

ამავე პერიოდში ბაზრებისა და ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 99.5 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან პერსონალის ხელფასებზე 30.8 მილიონი ლარი მოდის.  

2022 წელს ბაზრებისა და ბაზრობების დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 2.8 ათას კაცს შეადგენდა, რომელთაგან 33.4% ქალია. ამასთან, დასაქმებულთა 47.1% თბილისზე მოდის.

გასულ წელს საქართველოში სულ 197 ბაზარი და ბაზრობა ფუნქციონირებდა. მათი თითქმის მესამედი - 31.5% თბილისშია განთავსებული. ამ ტიპის ადგილების სიუხვით, საქართველოს დედაქალაქს 19.3%-ით იმერეთი, 12.7%-ით სამეგრელო-ზემო სვანეთი, 11.7%-ით კი კახეთი მოსდევს.  

2022 წელს მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების 95.4% კერძო საკუთრებაშია, ხოლო 4.6% - სახელმწიფო საკუთრებაში. 

2022 წელს მოქმედი ბაზრობების 35.5% გადახურული (ვაჭრობა შენობაში მიმდინარეობს), 35% ღია ტიპის (ვაჭრობა მიმდინარეობს შენობის გარეთ), ხოლო 29.5% ნახევრად გადახურული (ვაჭრობა მიმდინარეობს შენობაშიც და შენობის გარეთაც) იყო.