LIVE

მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან სუბსიდიებზე ხარჯები ყოველწლიურად იზრდება - IDFI

27 ივლ 202316:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 401
მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან სუბსიდიებზე ხარჯები ყოველწლიურად იზრდება - IDFI

მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან სუბსიდიის მუხლით გაწეული ხარჯები ყოველწლიურად, საშუალოდ 26%-ით იზრდება. ამის შესახებ საუბარია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევაში

ორგანიზაციის თანახმად, გასულ წელს 64 მუნიციპალიტეტის სუბსიდიის ჯამურმა ხარჯმა მილიარდ ლარს გადააჭარბა (1,049,202,528 ლარი). 

სუბსიდიის ხარჯებში ლიდერობს თბილისი. 2022 წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან სუბსიდიის ხარჯმა შეადგინა 569.1 მილიონი ლარი, რაც ყველა სხვა მუნიციპალიტეტის მიერ სუბსიდიის მუხლით ერთად გაწეულ ხარჯს 89 მილიონი ლარით აღემატება.

IDFI კვლევის პროცესში საჯარო ინფორმაციის მიღების პრობლემაზეც მიუთითებს. არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც მუნიციპალიტეტები მათი იურიდიული პირების შესახებ ინფორმაციას საერთოდ არ გასცემენ, ან მოწოდებული მონაცემები არასრულყოფილად არის დამუშავებული. კვლევის ფარგლებში 64 მუნიციპალიტეტიდან IDFI-მ გარკვეული პასუხი მხოლოდ 38 მუნიციპალიტეტიდან მიიღო

კვლევაში აღნიშნულია, რომ არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან სუბსიდიის ხარჯების უდიდესი ნაწილი მიემართება მათ დაქვემდებარებაში მყოფ იურიდიულ პირებზე. შესაბამისად, ორგანიზაციამ ტენდენციის შესაფასებლად ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე არსებული მონაცემები გაანალიზა.