LIVE

სამინისტრო: ეპილეფსიის პრეპარატზე, სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის ფაქტები გამოვლინდა

20 ივლ 202315:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 577
სამინისტრო: ეპილეფსიის პრეპარატზე, სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის ფაქტები გამოვლინდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, რამდენიმე, დიდი ფარმაცევტული ქსელის მხრიდან მორიგი არაკეთილსინდისიერი ქმედება დაფიქსირდა.

უწყების განმარტებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე, სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები გამოავლინა.

„საუბარია მედიკამენტზე „დეპაკინი ხრონო“, რომელიც სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიის სამკურნალოდ ბავშვებსა და მოზრდილებში გამოიყენება.

რეგულირების სააგენტომ, ფარმაცევტული კომპანიების ინსპექტირების შედეგად, დაადგინა, რომ „დეპაკინი ხრონო“ (300მგ, 500მგ) კომპანიებს მარაგში აქვთ, თუმცა, სავარაუდოდ, ხელოვნური დეფიციტის შექმნის მიზნით, სააფთიაქო ქსელებში არ ხდებოდა მათი რეალიზაცია.

მარაგების შესახებ, ფარმაცევტული კომპანიების მიერ, სამინისტროსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ დაემთხვა საწყობებში არსებულ ნაშთებს. რის გამოც, კანონმდებლობის შესაბამისად, შედგა სამართალდარღვევის ოქმები და გადაეგზავნა სასამართლოს. აღნიშნული დარღვევა გაფრთხილებასა და 5000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს არაკეთილსინდისიერ შეთანხმებებს ან დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რითაც სექტორი, აზარალებს მოქალაქეებს.

აღსანიშნავია, რომ ამ მედიკამენტის რეალიზაცია, რეგულირების სააგენტოს რეაგირების შემდეგ ცალკეულ სააფთიაქო ქსელებში დაიწყო“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

უწყების განმარტებით, აქტიურ კომუნიკაციაში არიან კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან, რათა ფაქტზე მოკვლევა დაიწყოს.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოვლენილ დარღვევებზე მკაცრი რეაგირება ექნებათ.