LIVE

2022 წელს ქართველებმა საზღვარგარეთ ონლაინ გადახდებში ₾3.1 მლრდ დახარჯეს

23 ივლ 202319:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 443
2022 წელს ქართველებმა საზღვარგარეთ ონლაინ გადახდებში ₾3.1 მლრდ დახარჯეს

2022 წელს, საქართველოს ფარგლებს გარეთ, ქართული ბარათების გამოყენების 117.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ქართველებმა, საზღვარგარეთ ონლაინ ტრანზაქციებში 3.1 მლრდ ლარი დახარჯეს, - ამის შესახებ ISET-ისა და PMC-ის კვლევით ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ სექტორულ და ღირებულებათა ჯაჭვის კვლევაშია აღნიშნული.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ასეთი მასშტაბური ზრდა საზღვრების გახსნითა და პანდემიის ეფექტის შერბილებით აიხსნება, ამასთან ემიგრანტების რაოდენობის ზრდითაც, რადგან, შესაძლოა, ქართველი ემიგრანტები უფრო ხშირად იყენებდნენ ქართულ ბარათებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ტრანზაქციის განსახორციელებლად. 

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ქვეყნის შიგნით, ელექტრონული კომერციის ტერმინალებში დაფიქსირებული ტრანზაქციების უმეტესი ნაწილი საქართველოში გაცემული ბარათებით ხდება. თუმცა გასულ წელს უცხოური ბარათების გამოყენებაც გაორმაგდა, რაც მიგრანტების ეფექტით, ანუ რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან შემოსული მოქალაქეების რაოდენობის ზრდით აიხსნება.

ცნობისთვის, ელექტრონული კომერცია პანდემიის შემდეგ დომინანტური და სწრაფად მზარდი ინდუსტრია გახდა. 2020 წელს, პანდემიამდელ ნიშნულთან შედარებით ელექტრონული კომერციის ტრანზაქციები 33%-ით გაიზარდა. 2021 წელს შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგაც ელექტრონული კომერციის ტრანზაქციების რაოდენობა კვლავაც მზარდი დარჩა და 26.4%-ით მოიმატა. გასული წლის მონაცემებით კი, ზრდის ტემპი შენელდა, ელექტრონული კომერციის ტრანზაქციების ჯამური რაოდენობა 3.9%-ით გაიზარდა, 101.5 მლნ ლარამდე.