
გასულ თვეში გლობალურად სამუშაო ადგილების რიცხვი, დაახლოებით, 51 000-ით შემცირდა, რაც დეკემბრის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ეს Bloomberg-ის მიერ თითქმის 1300 კომპანიის მონაცემების ანალიზის ძირითადი მიგნებაა.
კვლევის თანახმად, ამ კომპანიებში ივნისში სამსახურიდან გაშვების მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით, 25%-ით შემცირდა. ამასთან, ეს ხუთი თვის განმავლობაში, მეოთხე შემცირებული მაჩვენებელია.
ამასთან, შემცირდა კომპანიების მიერ დათხოვილი თანამშრომლების წილიც. მეორე კვარტალში თანამდებობიდან გათავისუფლების საშუალო ზომამ კომპანიის მთლიანი მუშახელის დაახლოებით 8% შეადგინა, წინა ორ კვარტალში ეს მაჩვენებელი 10% იყო.
იმ ფონზე, როცა შეერთებულ შტატებში სამუშაო ადგილების რიცხვი იზრდება (გასულ თვეში ქვეყანაში დამატებით 210 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა), მონაცემები მიუთითებს, რომ ცენტრალური ბანკები მიზნებს აღწევენ: ეტაპობრივად "გრილდება" ეკონომიკა, რომელიც ინფლაციას გლობალური რეცესიის გამოწვევის გარეშე შეამცირებს.
9 თვის განმავლობაში, გლობალურად კომპანიებმა სამსახურიდან 700 ათასი ადამიანი გაათავისუფლეს. ყველაზე მეტი, 208.8 ათასი ადამიანი ტექნოლოგიების სფეროდან იყო, 161.6 ათასი არაპირველადი საჭიროების საქონლის წარმოებაში მუშაობდა, 100 ათასი - ფინანსებში, დარჩენილი 253.5 ათასი კი სხვადასხვა სფეროს მიეკუთვნება.
თანამშრომლების მასშტაბური გათავისუფლება შეეხო ისეთ დიდ კომპანიებს, როგორებიცაა Zoom, Dell, PayPal, Spotify, Amazon.com, Meta Platforms, Alphabet, Microsoft. კომპანიებმა ეს გადაწყვეტილება შემცირებული სარეკლამო შემოსავლების და მოსალოდნელი ეკონომიკური დაღმასვლის ფონზე, ხარჯების დაზოგვის მიზნით, მიიღეს.